ფელდჰოფერის პირველი მარცხი ჩემპიონატში - Crystalbet ეროვნული ლიგა განახლდა
თითქმის ორთვიანი პაუზის შემდეგ, დღეს, Crystalbet ეროვნული საფეხბურთო ლიგა „დინამო თბილისისა“ და წყალტუბოს „სამგურალის“ მატჩით განახლდა, სადაც ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი მინიმალური სხვაობით 0:1 დამარცხდა და ავსტრიელმა სპეციალისტმა ფერდინანდ ფელდჰოფერმა შიდა პირველობაზე პირველივე შეხვედრაში მარცხი განიცადა.
„დინამო არენაზე“ გამართულ მატჩში ერთადერთი ბურთი 73-ე წუთზე ლევან კუტალიას ანგარიშზეა, რომელიც რამდენიმე კვირის წინ წყალტუბოს კლუბს ბათუმის „დინამოდან“ შეუერთდა და დღეს ბურთი იმ გუნდს გაუტანა, რომელსაც მისი კარიერის საუკეთესო წლები უკავშირდება. გოლი კი საკმაოდ დინამიური გამოდგა - მასპინძლების შეტევის დროს მეკარე ნოდარ ყალიჩავამ ოსკარ სანტისის დარტყმა მოიგერია და სწრაფი პასით თავისი გუნდის კონტრშეტევით დაიწყო, რაც კუტალიას გოლით დასრულდა, რომელიც 35 წლის ფორვარდმა მეტოქის პატივისცემის ნიშნად არ აღნიშნა. კუტალია „დინამოსთან“ ერთად 2019 წელს საქართველოს ჩემპიონი გახდა და ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირისთვის დაწესებული პრიზი მოიგო.
მომდევნო მეოცე ტურში თბილისის „დინამო“ სტუმრად „კავკასიონი არენაზე“ „თელავთან“ ითამაშებს, „სამგურალი“ კი საკუთარ სტადიონზე გათამაშების ლიდერ გორის „დილას“ უმასპინძლებს.