ვუჩენიჩი დამარცხებულია - ქუთათელაძის იღბლიანი დაბრუნება
თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ, გურამ ქუთათელაძე აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატს გამარჯვებით დაუბრუნდა. არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში ჩატარებული ქარდის მეოთხე შეხვედრაში 32 წლის ქართველმა მებრძოლმა 28 წლის ჯორდან ვუჩენიჩი არბიტრების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. გურამის მეტოქისთვის ეს UFC-ში სადებიუტო შეხვედრა იყო, ქართველმა კი მეოთხე ბრძოლა ჩაატარა.
ისევე როგორც მისი ბრძოლების უმეტესობაში ხდება ხოლმე, ქუთათელაძემ სწრაფი იერიშებით არ დაიწყო და თავიდან მეტოქე დაზვერა, რის შემდეგაც იყო კარგი „სტრაიკინგის“ ეპიზოდებიც და საერთო ჯამში უნდა აღინიშნოს, რომ სრულიად დამსახურებულად გაიმარჯვა.
ქუთათელაძე სხვადასხვა პრობლემების გამო UFC-ში უკვე წელიწადზე მეტია არ გამოჩენილა - ბოლოს ის 2023 წლის 2 ივლისს ელვის ბრენერის დაუპირისპირდა და ნოკაუტით დამარცხდა. შერეულ ორთაბრძოლებში გურამ ქუთათელაძის ანგარიშზე საერთო ჯამში გამართულ 17 შეხვედრაში 13 მოგება და 4 მარცხია.