მიქაუტაძეს 1 კარგი მომენტი ჰქონდა - ლიონმა უნიონ ბერლინს მოუგო
ლიონი წინასასეზონო მოსამზადებელ ეტაპს აგრძელებს და მორიგი ამხანაგური მატჩი უნიონ ბერლინის წინააღმდეგ გამართა, რომელიც 4:0 მოიგო.
სასიამოვნო ის გახლავთ, რომ გიორგი მიქაუტაძე ძირითად შემადგენლობაში მოგვევლინა, თუმცა ქართველი ფეხბურთელი შესვენებაზე შეცვალეს.
აღსანიშნავია, რომ გიორგიმ აქტიურად ითამაშა და გოლის გატანის კარგი შანსიც ჰქონდა. მიქაუტაძემ მოწინააღმდეგე მეკარეს აჯობა, კარში დაარტყა, მაგრამ მის დარტყმულს გიოსენსი გადაეფარა და საკუთარი გუნდი გაშვებული გოლისგან იხსნა.
იქამდე კი მე-20 წუთზე ქართველმა ფეხბურთელმა ლიონის შეტევა დაიწყო და აბნერს კარგი გადაცემა გაუკეთა, რომელმაც თავის მხრივ ნაილსი იპოვა, თუმცა ამ უკანასკნელის დარტყმა მეკარემ მოიგერია.
როგორც უკვე მოგახსენეთ, მიქაუტაძე შესვენებაზე შეცვალეს. ლიონის მხრიდან მესამე გოლი სწორედ გიორგის ნაცვლად გამოსულმა ორბანმა გაიტანა.
შეგახსენებთ, რომ მიქაუტაძემ ლიონში უკვე მეორედ ითამაშა, თუმცა ჯერჯერობით არც გოლი გაუტანია და არც საგოლე გადაცემა შეუსრულებია.
ცნობისთვის, შემდეგ მატჩს ფრანგული კლუბი ემირატების თასზე არსენალის წინააღმდეგ გამართავს. აღნიშნული დაპირისპირება 11 აგვისტოთი თარიღდება და თბილისის დროით 17:00-დან დაიწყება.