შოთა ხაბარელი
Aa
Aa

„ბექაური ფენომენია, ტატომ კი მხრის ტრავმით ვერცხლი აიღო“ - შოთა ხაბარელის შეფასება

შოთა ხაბარელს საქართველოს ძიუდოს ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უკავია - 1980 წელს ის მოსკოვში ოლიმპიური ჩემპიონი გახდა, ხოლო ზუსტად 24 წელიწადში, ათენში უკვე მწვრთნელის ამპლუაში მოიგო ოლიმპიური ოქრო, რაც მართლაც უნიკალური შედეგია. სწორედ ის იყო საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების დამრიგებელი, როდესაც 2004 წლის თამაშებზე ზურაბ ზვიადაურმა საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში პირველი ჩემპიონის ტიტული მოუტანა. ხაბარელმა Crystalsport-თან ინტერვიუში ქართველი ძიუდოისტების წლევანდელი გამოსვლა დეტალურად და საინტერესოდ შეაფასა.

რა თქვა ხაბარელმა

რა აქვს ლაშა ბექაურს ის განსაკუთრებული თვისება, რაც სხვებს არ აქვს? ყველაფერი, რაც დიდ სპორტსმენს უნდა ჰქონდეს და რაც ასეთ დონეზე წარმატებისთვის არის საჭირო. ტექნიკა, ტაქტიკა, ქართული სული, შემართება, განწყობა - ყველაფერი ეს ამ ბიჭში არის თავმოყრილი, რომელსაც ტატამიზე გასვლის წინ, როგორც ვიცი მთავარი მწვრთნელი ლაშა გუჯეჯიანი განწყობის ასამაღლებლად ქართულ სიმღერებს ასმენინებს.

ტატო გრიგალაშვილს ჩემი ძმისშვილი მირზა ხაბარელი ავარჯიშებს და ვიცი, რომ ტურნირს მხრის სერიოზული ტრავმით შეხვდა და ყოველივე ამის გათვალისწინებით, მისი მხრიდან ფინალში გასვლა და ვერცხლის მედლის მოპოვებაც გმირობის ტოლფასი იყო.

ილია სულამანიძეზე თავიდანვე ვამბობდი, რომ ის ოლიმპიური ჩემპიონობისთვის მზად იყო და შეიძლება ითქვას, რომ ოქროს მედალი ჯიბეში ედო. რა მოხდა? არ ვიცი რა ვთქვა. ძიუდოში ამხელა გამოცდილება მაქვს და 20 წამში ორი გაფრთხილება არასოდეს მინახავს. ამ შიდოებთან დაკავშირებით მსაჯების მისამართით არანაირი პრეტენზიები არ მაქვს, უბრალოდ ვფიქრობ, რომ ილიას ილეთი ვაზარით კი არა, იპონით უნდა შეფასებულიყო.

გურამ თუშიშვილს არ ვამტყუნებ - გეთანხმებით, ამ დისკვალიფიკაციის გამო შესაძლოა ბრინჯაოს მედალი დავკარგეთ, მაგრამ არის მომენტები, როდესაც თავის შეკავება რთულია.

რაც შეეხება იმ ძიუდოისტებს, რომლებიც მედლის გარეშე დარჩნენ - გიორგი სარდალაშვილს უდიდესი მომავალი აქვს და შესაძლოა ბევრს ჰქონდა მისგან მედლის მოლოდინი, რადგან ორი თვის წინ მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. ვფიქრობ, რომ მართლაც შეეძლო შედეგის გაკეთება, უბრალოდ თავად დაუშვა შეცდომა, როდესაც თურქ მეტოქესთან ჭიდაობა ქვეჭიდში გადაიყვანა - ამ კომპონენტში მოწინააღმდეგე ნამდვილად მასზე ძლიერი იყო. რაც შეეხება მარგველაშვილს, ვაჟა საკმაოდ კარგად იყო მომზადებული, თუმცა ასაკი მაინც მოქმედებს. იგივეს თქმა შეიძლება ლაშა შავდათუაშვილზეც, რომელიც თავისი კარიერითა და საქციელით არის ქართველი ადამიანის ნამდვილი სახე და მას ძალიან ვგულშემატკივრობ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა პარიზის ოლიმპიური თამაშები ერთი ოქროსა და ორი ვერცხლის მედლით დაასრულა, შერეულ გუნდურ შეჯიბრებაში კი ჩვენი ქვეყნის გუნდი მედლის გარეშე დარჩა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები