პარიზი 2024: გუნდური შეჯიბრი - საქართველო იტალიასთან დამარცხდა
პარიზის ოლიმპიადაზე ძიუდოისტთა გუნდური შეჯიბრში საქართველოს ნაკრები განთესილთა შორის მოხვდა და 1/8-ფინალში იტალიას დაუპირისპირდა და 3-4 დამარცხდა.
იტალია ტურნირზე განუთესავი იყო და ასპარეზობა 1/16-ფინალური ეტაპიდან დაიწყო, სადაც უნგრეთს დამაჯერებლად 4:1 მოუგეს.
საქართველოს ნაკრების მხრიდან ტატამიზე პირველი ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) გავიდა და ოდეტე გიუფრიდა იპონით 19 წამში დაამარცხა.
შემდეგ შავდათუაშვილი ( 73კგ) ლომბარდოს წინააღმდეგ გოლდენ სქორში იპონით დამარცხდა.
ეთერ ასკილაშვილი თავისზე 7 კგ-თი მეტ კიმ პოლინგის დაუპირისპირდა და მიღებული შიდოს შემდეგ, მშვენიერი გდება შეასრულა და ვაზარით დაწინაურდა, თუმცა ვიდეო რეფერიმ სამწუხაროდ გააუქმა, რაც ცოტა გაუგებარი იყო. მალევე იტალიელმა იპონი შეასრულა და ბრძოლა მოიგო.
შემდეგ ლაშა ბექაური კრისტიან პარლატის დაუპირისპირდა და რთული ბრძოლის მიუხედავად მეტოქე მაინც იპონით დაამარცხა.
სოფიო სომხიშვილი ოლიმპიურ ჩემპიონს ბელანდის დაუპირისპირდა და არალეგალური ქმედებისთვის მარცხი ჩაუთვალეს - 2:3.
ილია სულამანიძე ჯენარო პირელის დაუპირისპირდა და იპონით დაამარცხა. პირელის მიმდინარე ოლიმპიადაზე ილიამ ინდივიდუალურ დონეზეც მოუგო - 3:3
და ბოლოს ლაშა შავდათუაშვილი მანუელ ლომბარდოს წინააღმდეგ - ლოტოტრონმა მე-7 და გადამწყვეტი ბრძოლა ეს წყვილი ამოაგდო. შეხვედრა პირდაპირ გოლდენ სქორიდან დაიწყო. სამწუხაროდ ლომბარდომ ლაშას მეორედაც მოუგო, ამჯერად ვაზარით და გუნდურ ტურნირს ნაადრევად დავემშვიდობეთ.