მამარდას თაობაზე წინადადებას ელოდებიან | ლიმმა უკან დაიხია
გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ ახალი სეზონისთვის ემზადება. 3 აგვისტოს, „ღამურები“ ამხანაგურ შეხვედრას გამართავენ და „ლიდსს“ დაუპირისპირდებიან. Marca-ს ინფორმაციით, ქართველი მეკარე ესპანეთში დარჩა და გუნდთან ერთად, ინგლისში არ გაფრენილა.
ესპანური გამოცემის მიხედვით, „ჩე“ „მამარდას“ თაობაზე შეთავაზებას ელოდება და სურს, მისი ტრანსფერი ამ ზაფხულს დახუროს. „ღამურები“ ვარაუდობენ, რომ უახლოეს პერიოდში, „მესტალიაზე“ მოვა წინადადება, რომელზეც ისინი თანხმობას იტყვიან.
Marca-ს ინფორმაციას El Gol Digital-ი ადასტურებს და დასძენს, რომ „ვალენსიას“ პრეზიდენტმა, პიტერ ლიმმა უკან დაიხია. კლუბის პირველი პირი მზადაა, გიორგის არა 40 მილიონ ევროდ, როგორც აქამდე ითხოვდა, არამედ 35 მილიონად შეელიოს. „ჩეს“ ხელმძღვანელებს პირობები ქართველმა მეკარემაც წაუყენა და მას გარანტირებული სათამაშო დრო და მაღალი დონის კლუბის ვარიანტი უნდა.
ცნობისთვის, მამარდაშვილისთვის პრიორიტეტი პრემიერ ლიგის ტოპ კლუბია და „ნისლიან ალბიონზე“ თამაში მისი ოცნებაა. გიორგის რამდენიმე ინგლისური ვარიანტი გამოუჩნდა, მაგრამ რეგულარულ სათამაშო დროსთან დაკავშირებული გარანტიები ვერ მიიღო, რაც გადაულახავი ბარიერი აღმოჩნდა.
Relevo-ს ინფორმაციით, თუ ქართველმა მეკარემ სასურველი შეთავაზება ვერ მიიღო, მზადაა, „ვალენსიაში“ დარჩეს და კარიერის „ღამურების“ რიგებში გაგრძელება მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს.