ესპანეთი ოლიმპიადას დაემშვიდობა | კანადამ ჯგუფში ყველა თამაში მოიგო
კანადის საკალათბურთო ნაკრებმა A ჯგუფში ყველა თამაში მოიგო და მეოთხედფინალში პირველი ადგილით გავიდა. სიკვდილის ჯგუფის ბოლო შეხვედრაში, კანადა ესპანეთს დაუპირისპირდა და მძიმე ბრძოლაში იმარჯვა.
მატჩის სტარტზე სერიოზული უპირატესობა ვერც ერთმა გუნდმა მოიპოვა და პირველი მეოთხედი ფრედ, 19:19 დასრულდა. მეორე პერიოდში ვითარება შეიცვალა და კანადა დიდ შესვენებაზე 11-ქულიანი ფორით გავიდა - 49:38. ესპანეთმა ბოლომდე იბრძოლა და საფინალო სირენამდე 3.1 წამით ადრე, ჩამორჩენა 1 ქულამდე შეამცირა. ესპანეთს თამაშის ოვერტაიმში გადაყვანაც შეეძლო, მაგრამ სერხიო ლულის მიერ, მოედნის ცენტრიდან ნასროლი სამქულიანი არაზუსტი აღმოჩნდა - 85:88.
CANADA ???????? TOP GROUP A!
— FIBA (@FIBA) August 2, 2024
Canada clinch the 1st spot and push Spain ???????? out of contention in #Paris2024.#Basketball pic.twitter.com/e4m7ZrKi1u
კანადის ნაკრებში საუკეთესო შეი გილჯეს-ალექსანდერი იყო - 20 ქულა, 3 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა. ენდრიუ ნემბჰარდმა 18 ქულა და 2 ასისტი მიითვალა, დილონ ბრუქსის ანგარიშზე კი 13 ქულა იყო. ესპანეთს 17 ქულით დარიო ბრისუელამ ულიდერა. სერხიო ლულს 13 ქულა ჰქონდა, ალექს აბრინესს - 12.
კანადასთან წაგების შემდეგ, ესპანეთი ოლიმპიადას დაემშვიდობა და ჯგუფში მეოთხე ადგილი დაიკავა. მეოთხედფინალის საგზური გაინაღდა ავსტრალიამ, ხოლო საბერძნეთის ბედი ხვალ გაირკვევა. იანის ანტეტოკუნმპოს გუნდს გასასვლელად სერბეთის 3-ქულიანი ან სამხრეთ სუდანის 23-ქულიანი გამარჯვება ესაჭიროება.