გიორგი ქვილითაია
Aa
Aa

„ფეხბურთელობა სწორედ ასეთი თავგადასავლებისთვის ღირს“ - ქვილითაია ევროპის ჩემპიონატზე

საქართველოს ეროვნული ნაკრების სხვა მოთამაშეების მსგავსად, გიორგი ქვილითაიაც საკლუბო ფეხბურთს დაუბრუნდა და სეზონის განახლებისთვის ემზადება. 30 წლის ფეხბურთელმა, რომელიც გასულ სეზონში ნიქოზიის „აპოელის“ რიგებში ქვეყნის ჩემპიონი გახდა, კლუბი შეიცვალა და კვიპროსის მეორე გუნდში, „არისში“ გადავიდა. ლიმასოლელთა კრებულის ოფიციალურ ვებ-გვერდთან საუბარი ქვილითაიამ სანაკრებო თემით დაიწყო.

რას ამბობს ქვილითაია

იყო თუ არა გერმანიაში გამართული ევროპის ჩემპიონატი ჩემს კარიერაში საუკეთესო გამოცდილება? ამ შეკითხვაზე მოკლედ და კონკრეტულად გიპასუხებთ - ფეხბურთის თამაში სწორედ ასეთი თავდაგადასავლებისთვის ღირს.

გულშემატკივრობა როგორც იქ გერმანიაში, ასევე თბილისში იყო ფანტასტიური. აღარაფერს ვამბობ დახვედრაზე, რომელიც საქართველოს დედაქალაქში მოგვიწყვეს.

„არისის“ სასარგებლოდ არჩევანს სანამ შევაჩერებდი, ვესაუბრე როგორც კლუბის პრეზიდენტსა და სპორტულ დირექტორს, ასევე მთავარ მწვრთნელს და პროექტმა ძალიან მომხიბლა. ვიცი, რომ თავდასხმაში სერიოზული კონკურენტები მეყოლება და ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა იოლი არც ერთ ვარიანტში არ იქნება, მაგრამ ფეხბურთელი ასეთი კონკურენციის პირობებში უფრო მეტად ვითარდება.

ქვილითაიას ახალმა გუნდმა ლიმასოლის „არისმა“ შარშანდელ სეზონში კვიპროსის ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიკავა და ჩემპიონ „აპოელს“, სადაც საქართველოს ნაკრების ფორვარდი თამაშობდა, მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩა. წლევანდელ ჩემპიონატს გიორგი და მისი თანაგუნდელები 24 აგვისტოს სტუმრად „კარმიოტისასთან“ მატჩით დაიწყებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები