დიდი 10
Aa
Aa

ჩემპიონატი 6 სექტემბერს დაიწყება - სარაგბო სეზონი დაიგეგმა

საქართველოს სარაგბო ჩემპიონატის, დიდი 10-ის გათამაშება სტარტს 6 სექტემბერს აიღებს და მაისის შუა რიცხვებში ფინალური მატჩით დასრულდება. ქვეყნის რაგბის კავშირის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მომავალ სეზონში უმაღლეს დონეზე შვიდი ქალაქისა და რეგიონის გუნდი ითამაშებს. თბილისს ელიტაში „ლელო-სარასენსის“, „ხვამლისა“ და „არმიას“ სახით ორი კლუბი ეყოლება. იმერეთის დედაქალაქ ქუთაისს „აია“ და „არესი“ წარადგენენ, უმაღლესი ლიგის დანარჩენი ხუთი წევრი კი, „ბათუმი“, რუსთავის „ხარები“, ბოლნისის „ყოჩები“, სტეფანწმინდის „ყაზბეგი“ და სამცხე-ჯავახეთის „ტაო“ იქნება.

უკვე ტრადიციად ჩამოყალიბდა, რომ სამ-სამი ტურის შემდეგ გუნდებს მცირე შესვენება ექნებათ. პირველი წრე 17 ნოემბერს დასრულდება, მეორე წრე კი ორი კვირის შემდეგ, 29 რიცხვში დაიწყება, რის შემდეგაც წლის ბოლომდე გუნდები კიდევ სამ-სამ ტურს ითამაშებენ. 22 დეკემბრიდან 14 თებერვლამდე საახალწლო შესვენება გამოცხადდება, ხოლო რეგულარული სეზონის დასრულების თარიღად 13 აპრილი, პლეი ოფების დასაწყისად კი 25 აპრილია ჩანიშნული. მნიშვნელოვანი სიახლე დიდი 10-ის ახალ სეზონში არის ის, რომ კლუბებს განაცხადში მაქსიმუმ სამი ლეგიონერის შეყვანის უფლება ექნებათ.

საქართველოს სარაგბო ჩემპიონატის შარშანდელი გათამაშების გამარჯვებული ქუთაისის „აია“ გახდა, რომელმაც ავჭალის სტადიონზე გამართულ ფინალურ შეხვედრაში „ლელო-სარასენსი“ 19:3 დაამარცხა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები