ოფიციალურად | გურამ თუშიშვილი გუნდურ ჩათვლაში მონაწილეობას ვერ მიიღებს
ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ, IJF-მა ტედი რინერსა და გურამ თუშიშვილს შორის მომხდარ ინციდენტზე განცხადება გაავრცელა. IJF-მა ოფიციალურად დაადასტურა, რომ თუშიშვილი რეპეშაჟიდან ჩაიხსნა და ვერც გუნდურ შეჯიბრში მიიღებს მონაწილეობას.
„ქართველი ჯუდოკას ქმედება ძიუდოს პრინციპების საწინააღმდეგო იყო. სადისციპლინო კომისია დაუყოვნებლივ შეიკრიბა და სიტუაცია გამოიძია, რის შედეგადაც, ეს გადაწყვეტილებები იქნა მიღებული:
გურამ თუშიშვილი ინდივიდუალურ ჩათვლას გამოეთიშა და რეპეშაჟში მონაწილეობას ვერ მიიღებს.
გურამ თუშიშვილი მონაწილეობას ვერ მიიღებს გუნდურ ჩათვლაში, რომელიც 2024 წლის 3 აგვისტოს გაიმართება.
გურამ თუშიშვილი დისკვალიფიცირებულია ყველა საერთაშორისო ტურნირიდან მანამ, სანამ IJF-ის სადისციპლინო კომიტეტი საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად არ შეიკრიბება. ჩატარდება დამატებითი გამოძიება და გაირკვევა, რა მოხდა“.
ცნობისთვის, ბრძოლის შემდეგ, რინერმა თუშიშვილს რაღაც მიაძახა, გამომწვევი ქმედების შემდეგ ხელი ყელის არეშიც მოუჭირა, რასაც გურამის უხეში პასუხი მოჰყვა, ტედის მუხლიც მიარტყა.