ბუდუმ გამაოცა - კარლსრუეს მწვრთნელმა ზივზივაძეზე ისაუბრა
გერმანიის მეორე ბუნდესლიგის 2024-25 წლების სეზონის პირველ ტურში „კარლსრუე’’ „ნიურნბერგს’’ მიიღებს. ბუდუ ზივზივაძის გუნდი სამ აგვისტოს ითამაშებს (15:00).
მატჩისწინა პრესკონფერენციაზე „კარლსრუეს'' მთავარმა მწვრთნელმა კრისტიან აიხნერმა ბუდუ ზივზივაძის შესახებ ისაუბრა: „მასზე მხოლოდ დიდი კომპლიმენტის თქმა შემიძლია. ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნებული ბუდუ ზივზივაძით გაოცებული ვარ, ჩემზე ნამდვილად მოახდინა შთაბეჭდილება.’’.
ევრო 2024-ზე ბუდუმ თურქეთთან და ესპანეთთან ცვლილებაზე ითამაშა. მსაჯის მიერ დამატებული დროის გარდა მოედანზე მხოლოდ 17 წუთი გაატარა.
გასული სეზონი ბუდუ ზივზივაძისთვის წარმატებული გამოვიდა, 30 მატჩში 12 გოლი შეაგდო. ქართველ ფეხბურთელებს შორის ერთ სეზონში გატანილი გოლების რაოდენობით ბუდუ მეორე ბუნდესლიგაში საუკეთესო მეგოლეა, ალექსანდრე იაშვილისა და ლევან კობიაშვილის შედეგი გააუმჯობესა (10-10 გოლი).
ბუდუს „კარლსრუესთან'' კონტრაქტი 2025 წლის ივნისამდე აკავშირებს.