„ფოლორუნშოს კვარაზე მეტს უხდიან, ეს წარმოუდგენელია“ - იტალიური გამოცემა
იტალიური გამოცემა faziosi ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ წერს და მისი ხელშეკრულების, რომელიც ამ დრომდე ვერ განახლდა და ამჟამინდელ პირობებს მიუღებელს უწოდებს.
გამოცემა წერს, რომ კონტემ რაიმე უნდა მოიმოქმედოს, რომ ეს გაურკვევლობა დასრულდეს.
„კვარაცხელია გასული საშინელი სეზონის შემდეგ, ალბათ ნაპოლის ერთადერთი ფეხბურთელია, რომელიც წელი გადაარჩინა და ევროპის ჩემპიონატზე საკმაოდ კარგად იასპარეზა. ის უკვე ბაზაზეა და გუნდთან ერთად ვარჯიშობს, თუმცა მისმა კონტრაქტმა შესაძლოა ახალი თავის ტკივილი გამოიწვიოს.
კვარა კლუბის გადაწყვეტილებებით ბედნიერი ვერ იქნება და ეს მის მოტივაციაზე იმოქმედებს. მას მსურველების ნაკლებობის პრობლემა ნამდვილად არ აქვს. ქართველით პსჟ ინტერესდება, რომელსაც ასევე ოსიმენის ყიდვაც სურს.
წარმოუდგენელია, მაგრამ კვარა მაიკლ ფოლორუნშოზე დაბალ ანაზღაურებას იღებს. ის თითქმის 2 მილიონს გამოიმუშავებს, ხვიჩა კი ამდენსაც ვერა. (ფოლორუნშო ნაპოლის საკუთრებაა, რომელსაც კლუბი 2019 წლიდან დღემდე ყოველ სეზონში ანათხოვრებს).
ქართველის აგენტები ახალი კონტრაქტისთვის იბრძვიან, თუმცა შეთანხმება ჯერ შორსაა. თუ ეს ვერ მოხერხდა, ისინი ახალი კლუბის ძებნას დაიწყებენ.
ნაპოლისა და კონტეს გუნდის მომავალი კვარას გარეშე რთულად წარმოუდგენიათ. ხვიჩამ ეგნატიასთან ამხანაგურ მატჩში მორიგი ჯადოსნური გოლი გაიტანა და ქომაგები კვლავ მონუსხა. ახლა კი კვლავ მის კონტრაქტზეა საუბარი.
მისი ამჟამინდელი ხელფასით ის გუნდში სიის ქვედა ნაწილში იმყოფება. ახალი კონტრაქტის თაობაზე ჯერჯერობით მნიშვნელოვანი სიახლე არ არის. კონტემ რაიმე უნდა მოიმოქმედოს და საქმეში სწრაფად ჩაერიოს“.
- წერს იტალიური გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩას ხელშეკრულება ძალაში 2027 წლამდეა. მხარეები ფინანსურ პირობებზე შეთანხმებას ამ დრომდე ვერ ახერხებენ.