ბრინჯაო გაინაღდა | ლაშა გურული ოლიმპიადის ნახევარფინალშია
ლაშა გურული პარიზის ოლიმპიური თამაშების ნახევარფინალში გავიდა და ბრინჯაოს მედალი გაინაღდა. მეოთხედფინალში, ქართველი მოკრივე ძალიან ძლიერ ბაზარბაი მუხამედსაბირს დაუპირისპირდა და ყაზახ ოპონენტს მსაჯების გადაწყვეტილებით სძლია.
გურულმა კარგად დაიწყო და პირველი რაუნდის სტარტზე აქტიური იყო. ლაშას საწყისი სამწუთეული ცუდად ნამდვილად არ ჩაუტარებია, მაგრამ ხუთივე მსაჯმა პირველი რაუნდი ყაზახს მისცა. მეორე რაუნდში ვითარება შეიცვალა. გურული მოწოდების სიმაღლეზე იყო და ამჯერად, ხუთივე მსაჯმა რაუნდი მას მიანიჭა.
გამარჯვებული მესამე რაუნდში გამოვლინდა, რომელიც ძალიან დაძაბული გამოდგა. 5-დან ორმა მსაჯმა უპირატესობა მუხამედსაბირს მიანიჭა, სამმა - გურულს, ეს კი ბოლო რაუნდის გაყოფილი გადაწყვეტილებით მოსაგებად საკმარისი აღმოჩნდა და ლაშამ, რომელსაც წარბი ჰქონდა გახეთქილი და ტრავმით ჩხუბობდა, 3:2 მოიგო.
ნახევარფინალში გასვლით, გურულმა ბრინჯაოს მედალი გაინაღდა და რამაზ ფალიანისა და ვლადიმერ ჭანტურიას შემდეგ, პირველი ქართველი მოკრივეა, რომელიც ოლიმპიურ მედალს დაისაკუთრებს. ბრინჯაოს მედალი ფალიანმა 1992 წლის ბარსელონას, ხოლო ჭანტურიამ 2000 წლის სიდნეის თამაშებზე მოიპოვა. ნახევარფინალში მის მეტოქეს რაც შეეხება, ლაშა კუბელ ალვარეს ბორხესს შეხვდება.