კონფერენს ლიგა: ტორპედო ომონიასთან საკუთარ მოედანზეც დამარცხდა
კონფერენს ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე ქუთაისის „ტორპედომ“ განმეორებით შეხვედრაში კვიპროსის „ომონიას“ უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა.
პირველი შეხვედრა ქუთაისურმა კლუბმა სტუმრად 1:3 დათმო.
რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, „ტორპედომ“ თითქოს აქტიურად დაიწყო, თუმცა 25-ე წუთზე სტეპინსკის გოლით სტუმრები დაწინაურდნენ.
მეორე ტაიმში სტივ კინის გუნდს კარგი სტარტი ჰქონდა და ლამაზი კომბინაციის შედეგად მომო იანსანემ ანგარიში გაათანაბრა.
„ტორპედომ“ ამის მეტი ბევრი ვერაფერი შეძლო და საბოლოოდ, 81-ე წუთზე საკუთარ კარში პენალტი მიიღეს. დარტყმა ზუსტად ვილი სემედომ შეასრულა.
ამრიგად, ორი მატჩის ჯამში ქუთაისური კლუბი 2:4 დამარცხდა და ევროსეზონი ნაადრევად დაასრულა.
აქვე გეტყვით, რომ პარალელურად „იბერია 1999“ ალბანეთში „პარტიზანს“ ხვდება და პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში 0:0 არის. თბილისში შეხვედრა „იბერია 1999“-ის გამარჯვებით 2:0 დასრულდა.