„დამსახურებული ჩემპიონობა კოცოევს“ | რას წერს IJF-ი სულამანიძის მარცხზე
ქართველი ჯუდოკა, ილია სულამანიძე პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედალოსანია. 23 წლის სულამანიძე გადამწყვეტ შეხვედრაში აზერბაიჯანელ ზელიმ კოცოევთან დამარცხდა და სამი გაფრთხილებით წააგო.
პარიზულ ტატამიზე განვითარებულ მოვლენებს ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია, IJF-ი გამოეხმაურა. IJF-ის სტატიაში აღნიშნულია, რომ მსაჯები სულამანიძისთვის მესამე შიდოს მიცემას თავიდან ვერ აირიდებდნენ და აზერბაიჯანელმა ჯუდოკამ ოქროს მედალი დამსახურებულად მოიგო.
„ფინალური შეხვედრა ამაღელვებელი უნდა ყოფილიყო და ასეც გამოვიდა. ფინალი ამაღელვებელი იყო ტექნიკური, ტაქტიკური და ემოციური თვალსაზრისით. შეხვედრის სტარტზე, სულამანიძე უფრო სახიფათოდ უტევდა და იპოვა გზები, რომელთა წყალობითაც, კოცოევს ბალანსი დააკარგვინა, რაც აზერბაიჯანელი ჯუდოკას დონიდან გამომდინარე, დიდი მიღწევაა. როგორც კი სულამანიძემ პირველი ვაზარი აიღო, ტაქტიკური მიდგომა შეცვალა.
ქართველი ჯუდოკა ტაბლოს უყურებდა და დროის გაყვანა დაიწყო. ამის გასაკეთებლად, მოუმზადებლად უტევდა და არასწორი სტარტის გამო, გაფრთხილების მიღებას ნელ-ნელა უახლოვდებოდა, რაც საბოლოოდ, მოხდა კიდეც. ერთხელ, მეორედ და რამდენიმე წამის შემდეგ მესამედ, რასაც ფინალური გონგი მოჰყვა.
მესამე შიდო გარდაუვალი იყო და მისი წყალობით, კოცოევმა დამსახურებული ჩემპიონობა მოიპოვა. მეორე ოქროს მედალი აზერბაიჯანისთვის პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე“, - წერს IJF-ი.
შეგახსენებთ, რომ 2 აგვისტოს, ტატამიზე +100 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ჯუდოკები გავლენ და მედლის აღებას გურამ თუშიშვილი შეეცდება.