„ყველა თამაშში მოსაგებად ვიბრძვით“ | საზონოვის საგოლე გადაცემა და კომენტარი
საბა საზონოვის „ტორინო“ ახალი სეზონისთვის ემზადება და ამხანაგური მატჩი გამართა, რომელშიც საფრანგეთის რანგით მეოთხე დივიზიონში მოასპარეზე „ბურჟონს“ დაუპირისპირდა. შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა და ქართველმა ფეხბურთელმა საგოლე გადაცემა მიითვალა, რომლითაც ჩე ადამსმა ისარგებლა.
„ლიონთან კარგად ვითამაშეთ და მეორე ტაიმი პირველზე უკეთ ჩავატარეთ. ჩვენი მენტალიტეტი გამარჯვებაა და მოგება გუშინაც შეგვეძლო (ლიონთან ამხანაგური მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა). მოსამზადებელ ეტაპს გავდივართ და ვნახოთ, ოფიციალურ მატჩებს როგორ შევხვდებით.
ტორინოს ახლანდელი ფეხბურთი ივან იურიჩის სტილისგან ძალიან განსხვავდება. პაოლო ვანოლი გვთხოვს, ბურთი უფრო ხშირად ვაკონტროლოთ და სწრაფი ფეხბურთი ვაჩვენოთ. ვანოლისთან 20 დღეა, რაც ვმუშაობთ და უნდა გავიგოთ, ჩვენგან რას ითხოვს. ნელ-ნელა ყველაფერი გამოვა და უკეთესად ვითამაშებთ. ჩვენ ტორინო ვართ და მოედანზე ყოველთვის მოსაგებად გავდივართ“, - განაცხადა საზონოვმა ამხანაგური მატჩის შემდეგ.
ცნობისთვის, „ტორინოსთვის“ ახალი სეზონი 11 აგვისტოს იწყება და თბილისის დროით, 23:15-ზე, „გრანატა“ იტალიის თასისთვის ბრძოლაში ჩაერთვება. მისი მეტოქე „კოზენცა“ გახლავთ.