საქმეში არსენალი ერთვება - ოსიმენის ახალი ვარიანტი
რამდენიმე კვირაში ევროპის თითქმის ყველა წამყვანი საფეხბურთო ქვეყნის ტოპ-ლიგა აიღებს სტარტს, ვიქტორ ოსიმენის ტრანსფერი კი ისევ ღიად რჩება, რის გამოც თავად ფეხბურთელისა და მისი აგენტის გარდა, „ნაპოლის“ ხელმძღვანელებიც ნერვიულობენ. კლუბის მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე უკვე დიდი ხანია ნიგერიელ ფორვარდს საკუთარ პროექტში არ მოიაზრებს და რაც უფრო მალე გაასხვისებს მას და რომელუ ლუკაკუს დაიმატებს, მისი გუნდისთვის უმჯობესი იქნება.
„ნაპოლის“ აფრიკელ ფეხბურთელთან დაკავშირებით 100-მილიონიანი წინადადებით ჯერ „პარი სენ-ჟერმენმა“, შემდეგ კი „ჩელსიმ“ მიმართა, თუმცა პარტენოპეის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი მისთვის კარგად დამახასიათებელი სიჯიუტით აცხადებს, რომ წამყვან ფორვარდს 130 მილიონ ევროზე ნაკლებად არ დათმობს. სწორედ ამ დროს, როდესაც სენ-ჟერმენთან და „არისტოკრატებთან“ მოლაპარაკებები ჩიხშია შესული, ჰორიზონტზე „არსენალი“ გამოჩნდა, რომელსაც გამტანი ფორვარდის პრობლემა დღის წესრიგში დიდი ხანია უდგას. რამდენად შეძლებენ „მეთოფეები“ ოსიმენში მოთხოვნილი თანხის გადახდას, ეს ცალკე საკითხია, თუმცა La Republicca-ს ცნობით, დე ლაურენტისი მზადაა მათთან მოლაპარაკებები დაიწყოს.
ნეაპოლურმა კლუბმა ახალი სეზონისთვის მზადება ფაქტიურად დაასრულა, ოსიმენს კი თამაშის საშუალება არ მისცემია და ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ მისი დარჩენა პრაქტიკულად გამორიცხულია.