ფავორიტებს მასთან ცუდი სტატისტიკა აქვთ - UWW-ს სტატია გივი მაჭარაშვილზე
ძიუდოსა და კრივის გარდა, ბუნებრივია სპორტის ქართველი გულშემატკივარი პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე უდიდეს იმედებს როგორც ბერძნულ-რომაული, ასევე თავისუფალი სტილით მოჭიდავეებზე ამყარებს. მათ შორის ერთ-ერთი, რომელზეც მედლის აღების პროგნოზირება შეიძლება, მცხეთელი გივი მაჭარაშვილია, რომელიც თავისუფალ ჭიდაობაში 97 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამოდის და პრესტიჟულ ტურნირებზე ტიტულებიც არ აკლია. სწორედ ამ წონით კატეგორიას მიეძღვნა, ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატია, სადაც გივიზეც იყო საუბარი.
რას წერენ მაჭარაშვილზე
მიუხედავად იმისა, რომ 97 კილოგრამ წონით კატეგორიაში ფავორიტებს შორის აზერბაიჯანელ მაგომედხან მაგომედოვსა და თურქ იბრაჰიმ ჩიფთჩის გივი მაჭარაშვილზე წინ აყენებენ, ურთიერთშეხვედრებში ქართველი მათთან დაჩაგრული ნამდვილად არ არის.
საერთო ჯამში ამ ორ მოჭიდავესთან გამართული ცხრა ბრძოლიდან მცხეთელ სპორტსმენს შვიდი მოგებული აქვს და მხოლოდ ორჯერ დამარცხდა. წონის პირველ ნომრად განთესილ მაგომედოვს მაჭარაშვილი კარიერაში ოთხჯერ დაუპირისპირდა და აქედან სამჯერ აჯობა, თავად კი მხოლოდ ერთხელ წააგო.
აზერბაიჯანელთან გამართული პირველი ორი ბრძოლა გივიმ მოიგო, რასაც 2023 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში განცდილი მარცხი მოჰყვა, თუმცა ამისთვის მან მაგომედოვს რევანში უკანასკნელი ევროპის ჩემპიონატის ფინალში აუღო.
არავინ იცის მაჭარაშვილი-მაგომედოვი-ჩიფთჩის სამეული იქნება დომინანტი ოლიმპიურ თამაშებზე, თუ მათ ისევ ძველი გვარდია აჯობებს და ოქროსთვის ბრძოლაში რუსი აბდულრაშიდ სადულაევი და ამერიკელი კაილ სნაიდერი გაარკვევენ უძლიერესის ვინაობას.
27 წლის გივი მაჭარაშვილი ევროპის ბოლო ორი ჩემპიონატის უცვლელი გამარჯვებულია, მსოფლიოს პირველობაზე კი ბრინჯაოს მედალი ორჯერ, 2022 და 2023 წლებში მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.