„კვარაცხელია პსჟ-ის შეთავაზებას დათანხმდა, თუმცა...“ - Lequipe ხვიჩაზე წერს
გავლენიანმა ფრანგულმა გამოცემა L’equipe-მა საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ დაწერა და აღნიშნა, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე პსჟ-ში ტრანსფერი ფაქტობრივად გამოირიცხა.
რა წერია სტატიაში:
ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-ის წარმომადგენლების მაცდურ შეთავაზებაზე თანხმობა განაცხადა. პარიზელები კილიან მბაპეს შემცვლელს ამ დრომდე ეძებენ, ქართველი კი ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად მოიაზრებოდა. პსჟ კვლავ ცდილობს აურელიო დე ლაურენტისთან შეთანხმების მიღწევას, მაგრამ „ნაპოლის“ პრეზიდენტი მის გაშვებაზე კატეგორიულ უარს აცხადებს. კვარაცხელიას ნეაპოლურ კლუბთან კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს და „ნაპოლი“ განახლებაზე მოლაპარაკებებს აქტიურად აწარმოებს. ქართველი თავდამსხმელი ერთ-ერთი ის მოთამაშეა, ვისაც „ნაპოლი“ მომავლის გუნდის ერთ-ერთ მთავარ ფიგურად მოიაზრებს. ამის გამო, მიმდინარე ზაფხულში მისი პსჟ-ში ტრანსფერი თითქმის გამორიცხულია.
ხვიჩა კვარაცხელია ახლა „ნაპოლისთან“ ერთად ახალი სეზონისთვის ემზადება. ქართველმა შემტევმა გუშინ „ბრესტის“ წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩში მიიღო მონაწილეობა, მანამდე კი „ეგნატიას“ წინააღმდეგ ითამაშა და გოლიც გაიტანა.