ფალიანის და ჭანტურიას კვალდაკვალ - გურული ისტორიის დაწერას გეგმავს
პარიზში მიმდინარე 2024 წლის მთავარ სპორტულ ღონისძიებაზე შესაძლოა დღეს საქართველოს ოლიმპიურმა დელეგაციამ მესამე მედალი გაინაღდოს. კრივის ტურნირის მეოთხედფინალში ლაშა გურული (63,5 კგ) ყაზახ ბაზარბაი მუჰამედსაბირს დაუპირისპირდება და გამარჯვების შემთხვევაში ნახევარფინალში გავა, რაც იმას ნიშნავს, რომ მინიმუმ ბრინჯაოს მედალს გაინაღდებს.
27 წლის გურულმა მერვედფინალში რამდენიმე დღის წინ აზერბაიჯანელი მალიკ ჰასანოვი დამაჯერებლად, ყოველგვარი პრობლემების გარეშე 5:0 დაამარცხა და სპეციალისტების მოსაზრებით, წონის ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია. დღეს თუ მოიგებს, გურული გახდება პირველი მოკრივე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში რამაზ ფალიანისა და ვლადიმერ ჭანტურიას შემდეგ, რომელიც ზაფხულის ოლიმპიადის პრიზიორი იქნება. ბრინჯაოს მედალი ფალიანმა 1992 წლის ბარსელონას, ხოლო ჭანტურიამ 2000 წლის სიდნეის თამაშებზე მოიპოვა.
შეგახსენებთ, რომ ლაშა გურული რეიტინგში თავისი წონის ლიდერი და როგორც მსოფლიოს ჩემპიონატის, ასევე ევროპის პირველობის პრიზიორია. კარიერის მანძილზე სამოყვარულო კრივში ჩატარებული 85 ბრძოლიდან კი თავის სასარგებლოდ რუსთაველმა მოკრივემ 65 დაასრულა.