მამარდა პსჟ-ში? - ესპანური მედია ტრანსფერის ალბათობაზე წერს
ცნობილი ესპანური გამოცემა, Todofichajes-ი პსჟ-ში გიორგი მამარდაშვილის ტრანსფერის ალბათობას განიხილავს და წერს, რომ ქართველი მეკარის გადაბირებით შესაძლოა პარიზული გუნდის თავკაცი, ლუის ენრიკეც დაინტერესდეს.
გამოცემის ინფორმაციით, თუ ედერსონ მორაეში სეზონის დაწყებამდე „მანჩესტერ სიტის“ დატოვებს, ქალაქელები გუნდში ჯანლუიჯი დონარუმას მოყვანას ეცდებიან. მოვლენების ასე განვითარების შემთხვევაში, პარიზელებს ახალი მეკარის პოვნა მოუწევთ, კანდიდატებად კი გიორგი მამარდაშვილი და მადრიდის „რეალის“ სათადარიგო მეკარე, ანდრეი ლუნინი სახელდებიან.
რა წერია Tofofichajes-ის სტატიაში:
„მანჩესტერ სიტიდან“ ედერსონის წასვლა დომინოს ეფექტს გამოიწვევს რამდენიმე ევროპულ კლუბში, კონკრეტულად კი ჯერ პსჟ-ში, შემდეგ კი შესაძლოა, მადრიდის „რეალში“, ან „ვალენსიაში“. თუ ბრაზილიელი მეკარე საუდის არაბეთიდან მიღებულ შეთავაზებას დათანხმდება და გუნდს დატოვებს, პეპი მის შემცვლელად ჯანლუიჯი დონარუმას მოყვანას ეცდება.
შესაბამისად, შემდეგ მეკარის პოვნა პარიზულ კლუბსაც მოუწევს. ლუის ენრიკე ესპანეთის ჩემპიონატს თვალს აქტიურად ადევნებს და მის გეგმებში ორი კანდიდატიც შედის. მადრიდის „რეალიდან“ ანდრეი ლუნინი და „ვალენსიადან“ გიორგი მამარდაშვილი. სატრანსფერო ბაზარზე ორივე მათგანის ღირებულება დაახლოებით 30 მილიონი ევროა.
უკრაინელმა გასულ სეზონში დაამტკიცა, რომ შეუძლია დიდი კლუბის სასტარტო მეკარე იყოს. შარშან მან კურტუა შეცვალა, წელს კი არ სურს, რომ კვლავ ბელგიელის ჩრდილში აღმოჩნდეს. თავის მხრივ, მამარდაშვილი „ვალენსიას“ ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა, მაგრამ ასევე, ის „ღამურებისთვის“ ფულის შოვნის ერთ-ერთი მთავარი ბერკეტია. ქართველის მიმართ მოთხოვნაც დიდია და შესაბამისად, პარიზელებს მისი ტრანსფერი ძვირიც დაუჯდებათ.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიას“ რამდენიმე დღის წინ შეუერთდა და ახალი სეზონისთვის ესპანურ გუნდთან ერთად ემზადება. ქართველი მეკარის მომავალი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, თუ ევროპულ მედიას დავუჯერებთ, „მამარდას“ გადაბირებით რამდენიმე ევროპული გრანდია დაინტერესებული და დიდი ალბათობით, ის „ვალენსიას“ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე დატოვებს.