„ჩანთაში ორი ოქროა. შემდეგი გაჩერება - ლოს-ანჯელესი!“ | EJU ბექაურის ტრიუმფზე
გუშინ, პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა ოლიმპიური ჩემპიონობა ზედიზედ მეორედ იზეიმა. ქართველი სპორტსმენი ჯერ სულ რაღაც 24 წლისაა, თუმცა, უკვე შეძლო საქართველოს ისტორიაში შესვლა. ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიაში ლაშა პირველი ძიუდოისტი გახდა, რომელმაც ზედიზედ ორჯერ შეძლო ოლიმპიური ჩემპიონობა.
ქართველი ჯუდოკას ამ წარმატებას ევროპული ძიუდოს კავშირი (EJU) ეხმაურება და ბექაურს სპეციალურ სტატიას უძღვნის.
რას წერს EJU:
ქართველმა ლაშა ბექაურმა თავისი ერისთვის ახალი რეკორდი ოფიციალურად დაამყარა. მან ერთმანეთის მიყოლებით ორი ოლიმპიური ოქროს მედალი მოიგო და თანაც, ეს არაჩვეულებრივად შეასრულა. მან 24 წლის იუბილე მხოლოდ 5 დღის წინ აღნიშნა, რის გამოც, ის IJF-ის მსოფლიო ტურნეზე ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ახალგაზრდა ძიუდოისტად იქცა.
რა თქმა უნდა, ასეთი დიდი ტურნირის მოგება უბრალო საქმე არ არის და ქართველი სპორტსმენის შეჩერება ძალიან ბევრმა სცადა, მაგრამ ეს ვერც ერთმა ვერ შეძლო. მის შეჩერებასთან ყველაზე ახლოს ფინალში სანშირო მუარო იყო, რომელმაც პირველმა ჩაიწერა ქულა დაფაზე. როგორც ჩანს, ეს თავად ბექაურს სჭირდებოდა, რადგან სწორედ ამის შემდეგ გამოფხიზლდა. მან ანგარიში მალევე გაათანაბრა, შემდეგ კი დარბაზში შეკრებილი მაყურებელი აახმაურა და გააცოცხლა.
პირდაპირ ტრიბუნებზე, საქართველოს ფედერაციის პრეზიდენტის, გიორგი ათაბეგაშვილის, სპორტსმენების, მწვრთნელებისა და ოჯახის წევრების მხარდაჭერა უბრალოდ შეუდარებელი იყო, რადგან ყველა ელოდა, რომ მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს პირველ მედალს ბექაური მოუტანდა.
წამის მესამედში გაშვებული გდების შემდეგ, მურაომ ფსიქოლოგიურად დიდი უპირატესობა მოიპოვა და თითქოს, ყველაფერი დაამთავრა, მაგრამ როგორღაც, ბექაურმა შემობრუნება მოახერხა.
ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე, სადაც ის პირველად გახდა ჩემპიონი, თავისი ოცნება გამოხატა - რომ უნდა, ჩემპიონი 4-ჯერ გახდეს. ორი ოქრო უკვე ჩანთაშია, ახლა კი შემდეგი გაჩერება ლოს-ანჯელესი იქნება.
ლაშა ბექაურმა პარიზის ოლიმპიური თამაშების ფინალში იაპონელი სანშირო მურაო დაამარცხა. ქართველი ჯუდოკა თავიდან ვაზარით მარცხდებოდა, თუმცა, ძირითად დროშივე შეძლო ჯერ ანგარიშის გათანაბრება, შემდეგ კი მეორე შედეგიანი გდების შესრულება და საბოლოოდ, საფრანგეთის დედაქალაქში საქართველოს ჰიმნიც ააჟღერა.
ამ დროისთვის, საქართველოს დელეგაციის ანგარიშზე ორი მედალია და ორივეს მოპოვება ძიუდოს ნაკრებმა შეძლო. ბექაურის ოქროს გარდა, 30 ივლისს ვერცხლის მედალი ტატო გრიგალაშვილმა მოიპოვა.