“განსხვავებული მატჩი იქნება“ - კინის და სახოს პრესკონფერენცია
კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში ქუთაისის ტორპედო ომონიას უმასპინძლებს.
მატჩის წინ, ქუთაისური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა სტივ კინმა და ახალწვეულმა მამადუ სახომ პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.
სახო:
„მოედნის მიღმა ბევრი საუბარი არ მიყვარს, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ ხვალინდელ მატჩში სასურველი შედეგის მისაღწევად მაქსიმალურად დავიხარჯებით.
ვართ თავდაჯერებულები, დანებებას არ ვაპირებთ. ფეხბურთი განსაკუთრებულია, მეორე შანსი გვეძლევა და პირველ მატჩში დაშვებული შეცდომების აქ გამოსწორებას ვეცდებით.
რთული მეტოქე გვყავს, მაგრამ მარტივი მატჩი არც “ომონიას” ექნება. აქ, ქუთაისში, ჩვენი გულშემატკივრის წინ, რომელიც ვიმედოვნებ, რომ სტადიონს გაავსებს, ყველაფერი შესაძლოა მოხდეს. ჩვენ მზად ვართ. მოვუწოდებ გულშემატკივარს, მოვიდნენ სტადიონზე.”
კინი:
„პირველ რიგში, კვიპროსელ ჟურნალისტებს მოგესალმებით. ულამაზეს ქვეყანაში ჩამოხვედით და თუ აქ პირველად ხართ, საქართველო და ქუთაისი აუცილებლად დაგამახსოვრდებათ. შემიძლია აქ ყოფნა მოგილოცოთ.
ხვალ ბევრად განსხვავებული მატჩი იქნება. სახოს ვეთანხმები: ფეხბურთი მეორე შანსს გვაძლევს, პირველიდან კი სწორი დასკვნები გამოვიტანეთ და მზად ვართ დაშვებული შეცდომები გამოვასწოროთ.
ქუთაისელი გულშემატკივარი ჩვენი უპირატესობაა: მათთან ერთად ყველაფერი შეგვიძლია. მჯერა, რომ სტადიონი სავსე იქნება. ჯერ არაფერია დასრულებული.”
შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი დაპირისპირება ომინიას გამარჯვებით 3:1 დასრულდა. განმეორებითი მატჩი პირველი აგვისტოთი თარიღდება და თბილისის დროით 21:00-დან დაიწყება.