ნადალისთვის ოლიმპიადა დასრულდა - ესპანურმა წყვილმა 1/14 ფინალში წააგო
რაფაელ ნადალისთვის პარიზის ოლიმპიადა დასრულდა. ლეგენდარულმა ესპანელმა ოლიმპიურ თამაშებზე ბოლოჯერ ითამაშა.
მატადორი წყვილთა თანრიგში კარლოს ალკარასთან ერთად მეოთხედფინალში იმყოფებოდა და ამერიკულ დუეტს დაუპირისპირდა. კრაიჩეკის და რაჯივ რამის წყვილმა ორ სეტში 6:2 6:4 გაიმარჯვა და ნახევარფინალში გავიდა.
ალკარასმა და ნადალმა პირველი სეტი ცუდად დაიწყეს. პირველივე გეიმი დაითმეს და მოწინააღმდეგე წინ გავიდა. ამერიკელებმა მეშვიდე გეიმში კიდევ ერთი ბრეიკი შეასრულეს და სეტი მათთვის ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანეს.
მეორე სეტში წყვილები საკუთარ ჩაწოდებაზე დამაჯერებლად გამოიყურებოდნენ, მაგრამ მეშვიდე გეიმში ამერიკელებმა ბრეიკი შეასრულეს და მოპოვებული უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვეს.
შეგახსენებთ, რომ რაფაელ ნადალმა მიმდინარე ოლიმპიადაზე ნოვაკ ჯოკოვიჩის წინააღმდეგ 1/16 ფინალში ითამაშა და წააგო.
რაც შეეხება ალკარასს, ის მეოთხედფინალში იმყოფება და ნახევარფინალში გასასვლელად ტომი პოლის ბარიერის დაძლევა მოუწევს.