დავიდ დე ხეა 1 წელია ისვენებს და ფეხბურთი არ უთამაშია, მაგრამ, როგორც ჩანს მას ისევ სურს კარიერის გაგრძელება..
ესპანელ კარის დარაჯს, მანჩესტერ იუნაიტედიდან წასვლის შემდეგ, ჟურნალისტებთან არ უსაუბრია. არადა, ბევრი კითხვა დაგროვდა და ალბათ სათქმელი მასაც ბევრი აქვს, თუმცა ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ დავიდი სიჩუმეს იმ კლუბის პატივისცემის გამო ინარჩუნებს, რომელშიც 12 წელი გაატარა. მიუხედავად ამისა, დე ხეა იდუმალი პოსტების გამოქვეყნებას დღემდე აგრძელებს.
მაგალითად, 20 ივლისს დავიდმა ქვიშის საათის ემოჯი დაპოსტა და ამით თითქოს გარკვეული მინიშნება გააკეთა, რომ კარიერის გაგრძელებას აპირებს, თუმცა რეალურად არავინ იცის რას გულისხმობდა დე ხეა..
ამ ფაქტიდან 1 კვირის შემდეგ, გაჩნდა საუბრები, რომ ვეტერანი მეკარე ჯენოასთან აწარმოებს მოლაპარაკებას..
⏳
— David de Gea (@D_DeGea) July 20, 2024
იტალიური კლუბის გულშემატკივრები დავიდის ინსტაგრამ გვერდზე შეცვივდნენ და მას კონტრაქტის გაფორმებას სთხოვდნენ, თუმცა მეორე დღეს გაირკვა, რომ ჯენოამ სხვა მეკარის ძიება დაიწყო. ამის მიზეზი დე ხეას მოთხოვნილი მაღალი ხელფასი იყო. გაჩნდა აშკარა კითხვა: „ნამდვილად სურს დე ხეას ფეხბურთში დაბრუნება, თუ მას მხოლოდ ფული აინტერესებს?“
არასასიამოვნო დასასრული
იუნაიტედიდან წასვლამდე, დე ხეა ფიქრობდა, რომ გუნდი მას კონტრაქტს გაუხანგრძლივებდა.. ცნობილი გახდა, რომ მანჩესტერმა ახალ ხელშეკრულებაში დავიდს გაცილებით ნაკლები ანაზღაურება შესთავაზა, თანაც ეს იმის ფონზე, რომ წითელი ეშმაკები ანდრე ონანას შეძენას ცდილობდნენ..
ეს ესპანელისთვის სასტიკი მოპყრობა აღმოჩნდა და ყველაფერი არასასიამოვნოდ დასრულდა. თავისუფლად იყო შესაძლებელი, რომ დავიდი სათადარიგო მეკარე გამხდარიყო. ეს კი მისთვის მიუღებელი იყო..
გვერდიდან ეს ყველაფერი სევდიანად გამოიყურებოდა. დე ხეა იყო მეკარე, რომელმაც მანჩესტერ იუნაიტედში ყველაზე დიდი დრო გაატარა და ყველაზე მეტჯერ შეინახა კარი მშრალად..
დროის გაყვანა
რა თქმა უნდა, დავიდს არაერთი გუნდი დაუკავშირდა, თუმცა მან დასვენება არჩია და არანაირი შეთავაზება არ აინტერესებდა. სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა და ის კლუბის გარეშე დარჩა. The Athletic წერდა, რომ დე ხეა იმდენად განაწყენდა ერიკ ტენ ჰაგზე და სპორტულ დირექტორ ჯონ მურტოზე, რომ კარიერის დასრულებაზე ფიქრობდა..
ამ საკითხზე არანაირი სიახლე არ ვრცელდებოდა. ერთადერთი, რასაც გულშემატკივრები იგებდნენ, დე ხეას ინსტაგრამზე გამოქვეყნებული პოსტები იყო, რომელშიც ის ინდივიდუალურად ვარჯიშობდა და ბრუნო ფერნანდეშს სტუმრობდა.
View this post on Instagram
როდესაც დავიდმა ბრუნო ფერნანდეშთან ერთად გადაღებული ფოტო დადო, გულშემატკივრებს იმედი მიეცათ, რომ ის გუნდში დაბრუნებას აპირებდა, მაგრამ ამაოდ.. დე ხეა უბრალოდ ინგლისში ატარებდა დროს და გადასახადების კუთხით რაღაცები ჰქონდა გასარკვევი..
არჩევანის გაჭიანურება
დავიდის კარიერის განახლებაზე მისი მეუღლის პოზიციაც მოქმედებს. ცნობილია, რომ მისი ცოლი ესპანეთში ცხოვრობს და მოღვაწეობს. ედურნ გარსია ალმაგრო ცნობილი მომღერალია და არასდროს დაუმალავს, რომ არ მოსწონს, როდესაც მისი ქმარი სხვა ქვეყანაშია. თავად ედურნს მანჩესტერში ცხოვრება არასდროს ხიბლავდა..
მას შემდეგ, რაც ესპანელმა მეკარემ მანჩესტერ იუნაიტედი დატოვა, ძირითადად დროს თავის ოჯახთან ერთად ატარებს. ამაში კი მას ვერავინ დაადანაშაულებს. The Atletic-ის თანახმად, შესვენებიდან დაახლოებით 5 თვის შემდეგ, დე ხეა მიხვდა, რომ ფეხბურთი ენატრება და დაბრუნებაზე დაიწყო მუშაობა..
გასული ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, გაჩნდა ცნობები, რომ დე ხეას გადაბირება საუდის არაბეთის გუნდებს სურდათ, მათ შორის სტივენ ჯერარდის ალ ეტიფაქს. იმ პერიოდში, Goal.Com-მა ექსკლუზიური ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმადაც დე ხეა არჩევანის წინაშე იდგა, თუმცა ფიქრი დიდხანს გაუგრძელდა, სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა და ის კვლავ უგუნდოდ დარჩა.
სტაბილურობა თუ ფული?
დე ხეამ ინდივიდუალურ ვარჯიშებს მოუხშირა, თუმცა მისი მომავლის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ ვრცელდებოდა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ დავიდს 2019 წლის შემდეგ, საფეხბურთო აგენტთან არ უმუშავია. ამან კი ახალი კლუბის მოძებნა გაართულა.
როგორც უკვე მოგახსენეთ, დე ხეას გადაბირება ჯენოას სურდა, მაგრამ ტრანსფერი არ შედგა. დავიდის პრიორიტეტი იყო კლუბი და ქალაქი, სადაც ის და მისი ოჯახი სტაბილურად იცხოვრებდა. The Athletic-მა ისიც დაწერა, რომ ესპანელი კარის დარაჯის ტრანსფერით საუდის არაბეთის, იტალიის და შეერთებული შტატების კლუბები ინტერესდებიან.
აქ ისმის კითხვა: რა სურს თავად დავიდს? სტაბილურობა, თუ ფული? ეს კითხვა იმიტომ გაჩნდა, რომ ჯენოასთან ტრანსფერი ხელფასის გამო ჩაიშალა. დე ხეას იმდენს ვერ დაჰპირდნენ, რამდენიც თავად სურდა..
ასტრონომიული ხელფასი
ზოგადად, ბუნებრივია ფეხბურთელებს სურთ მიიღონ იმდენი, რამდენიც შეუძლიათ, მაგრამ გამორიცხულია, რომ დე ხეას ახალ კლუბში იმდენი გადაუხადონ, რამდენსაც მანჩესტერში უხდიდნენ. წითელ ეშმაკებში მისი ანაზღაურება კვირაში 375 000 ფუნტი იყო..
შედარებისთვის შეგვიძლია ედერსონი მოვიყვანოთ, რომელსაც მანჩესტერ სიტიში კვირაში 190 000 ფუნტს უხდიან. ალისონს კი 150 000. მიუხედავად ამისა, დე ხეა თავისი თამაშით ამტკიცებდა, რომ ეს ანაზღაურება ეკუთვნოდა. ის 2018 წელს მანჩესტერის საუკეთესო ფეხბურთელადაც კი დასახელდა.
სტატუსი გაქრა
დე ხეა ახლა 33 წლის არის და 15 თვეა არ უთამაშია. რეალურად იუნაიტედმა ის ონანათი შეცვალა და ჩათვალა, რომ დავიდი მაღალ დონეზე ვეღარ თამაშობდა. ეს ყველაფერი იმანაც განამტკიცა, რომ ინგლისის თასის ფინალში მანჩესტერ სიტისთან მიუტევებელი შეცდომები დაუშვა..
წარუმატებელი გამოდგა სანაკრებო კარიერაც. უკანასკნელად მან ესპანეთის ნაკრებში 2020 წლის ოქტომბერში უკრაინის წინააღმდეგ ითამაშა. ფურია როხამ დავიდის შეცდომის გამო წააგო. ევროპის ჩემპიონატზე სათადარიგოთა სკამზე იჯდა, ხოლო 2022 წლის მუნდიალზე არ წაიყვანეს..
მივიღეთ ასეთი რეალობა: მისი სტატუსის გაქრობის და მეკარეების ახალ მოთხოვნებთან ადაპტაციის გათვალისწინებით, დე ხეამ თავად უნდა მოძებნოს კლუბი და საკუთარი თავი ბევრად ნაკლები ანაზღაურებით შესთავაზოს.
რამდენად სერიოზულია?
ნებისმიერი კლუბი, რომელიც დე ხეას მიიღებს უდიდეს რისკზე წავა, რადგან მას 15 თვეა არ უთამაშია. ჯენოას მას ევროპულ ფეხბურთში დაბრუნებას და იტალიის ერთ-ერთ ყველაზე მომხიბვლელ ქალაქში ცხოვრებას სთავაზობდა. ჯენოა ცნობილი თავისი სანაპიროთი და სამზარეულოთი გახლავთ. ის ფაქტი, რომ ტრანსფერი მაღალი ხელფასის მოთხოვნის გამო ჩაიშალა, იმაზე მეტყველებს, რომ მისი ფეხბურთში დაბრუნების სურვილი ისეთი დიდი არ არის, როგორიც უნდა იყოს.
დავიდს კიდევ ერთი თვე აქვს, რომ სხვა კლუბი იპოვოს, თუმცა თუ მას ეს ყველაფერი სერიოზულად სურს, საკუთარი სტანდარტები უნდა დაწიოს. კვირაში 375 000 ფუნტს არავინ გადაუხდის..