გიორგი ჩაკვეტაძე, ტომ კლევერლი
Aa
Aa

„მისი დაბრუნება უდიდესი პოზიტივია“ - უოტფორდის მწვრთნელი ჩაკვეტაძეზე

გუშინ, გიორგი ჩაკვეტაძის „უოტფორდი“ ამხანაგურ შეხვედრაში „უაიკომბ იონდერესს“ დაუპირისპირდა და 3:2 დამარცხდა.

მეტოქის კარში პირველი გოლი მე-14 წუთზე გიორგი ჩაკვეტაძემ გაიტანა და საკუთარი გუნდი დააწინაურა, თუმცა, „უოტფორდმა“ დარჩენილ დროში უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლო.

შეხვედრის დასრულების შემდეგ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ტომ კლევერლიმ ქართველი ფეხბურთელის შესახებ ისაუბრა და საქებარი სიტყვები არ დაიშურა.

რას ამბობს კლევერლი:

„ბოლო დღეებში გიორგის გუნდში დაბრუნება და მისი საუკეთესო ფორმაში დანახვა დიდი პოზიტივია. გასული სეზონის ბოლო რამდენიმე მატჩში მას საზარდულის ტრავმა აწუხებდა, შემდეგ კი ევროპის ჩემპიონატზე წავიდა, ასე რომ, გიორგის საუკეთესო მხარე არასდროს მინახავს“.

„ის იმ ფეხბურთელთა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ძალიან მომწონს - ის არის ინტელექტუალური მოთამაშე, აქვს პოზიციონირების კარგი უნარი, ბურთის კონტროლის კარგი ხარისხი, ჩემი ამოცანა კი ისაა, მისი თამაშის ძლიერ მხარეს გოლები და საგოლე პასები დაემატოს“.

პრე-სეზონზე, „უოტფორდი“ ბოლო ამხანაგურ შეხვედრას 3 აგვისტოს, „ბრენფორდის“ წინააღმდეგ გამართავს, ჩემპიონშიპის ახალ სეზონს კი 10 აგვისტოს, „მილუოლთან“ გასვლითი მატჩით დაიწყებს.

მსგავსი სიახლეები