დინამო არენა, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები, ირაკლი კობახიძე
Aa
Aa

„დინამო არენა ამორტიზებულია და შეიძლება მდგრადობის პრობლემები შეიქმნას“ - ირაკლი კობახიძე

„ახალი სტადიონის პროექტი გვაქვს დაანონსებული. „დინამოს“ სტადიონი, ჩვენი ქვეყნის მთავარი სტადიონი, არის ამორტიზებული, მდგრადობის პრობლემები შეიძლება შეიქმნას. აქედან გამომდინარე, გვჭირდება ამ მიმართულებით ახალი ინფრასტრუქტურის განვითარება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

დღეს კი მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ თბილისს უნდა ჰქონდეს 70 ათას მაყურებელზე გათვლილი სრულიად ახალი სტადიონი, რომელსაც ექნება საშუალება, უმასპინძლოს უმაღლესი დონის თამაშებს, ჩემპიონთა ლიგის ფინალის ჩათვლით.

„რაც შეეხება კონკრეტულ ინფორმაციას „დინამო არენის“ ექსპერტიზასთან დაკავშირებით, ამაზე შესაბამისი უწყებები არიან პასუხისმგებელი და ისინი მოგაწვდიან დეტალურ ინფორმაციას. იცით, რომ ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა და ეს არის ახალი სტადიონის მშენებლობა. თბილისს უნდა ჰქონდეს 70 ათას მაყურებელზე გათვლილი სრულიად ახალი სტადიონი, რომელსაც ექნება საშუალება, უმასპინძლოს უმაღლესი დონის თამაშებს, ჩემპიონთა ლიგის ფინალის ჩათვლით. ეს იქნება უნიკალური შესაძლებლობა ჩვენი ქვეყნისთვის, რაც მთლიანად ქვეყნის იმიჯზეც ძალიან დადებითად აისახება. ამიტომ ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა და მივყვებით ამ გეგმას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე, ამორტიზებული თუ იყო „დინამო არენა“, 26 მარტს როგორ ჩატარდა თამაშები და ოთხი თვის შემდეგ რატომ არ შეიძლება ერთა ლიგის თამაშების ჩატარება, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, არცერთი თამაში არ ჩატარებულა რაიმე რისკის პირობებში.

„რაც შეეხება წინა თამაშებს, არცერთი თამაში არ ჩატარებულა რაიმე რისკის პირობებში, ამაზე ვარ პასუხისმგებელი. რაც შეეხება სამომავლოდ რა როგორ იქნება, ამასთან დაკავშირებით საზოგადოება მიიღებს ინფორმაციას, ყველა რისკი იქნება დაზღვეული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს ნაკრებს მიმდინარე წლის სექტემბერში უეფა ერთა ლიგის თამაშები აქვს ჩასატარებელი, მაგრამ დიდი ალბათობით, შეხვედრები ბათუმისა და მიხეილ მესხის სახელობის სტადიონებზე ჩატარდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები