ილია თოფურია, მერაბ დვალიშვილი, გურამ ქუთათელაძე
Aa
Aa

„ბევრი პრობლემა იყო, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ ვბრუნდები“ - ქუთათელაძის ინტერვიუ

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, გურამ ქუთათელაძემ მორიგ ბრძოლამდე ვრცელი ინტერვიუ ცნობილ რუსულ სააგენტო RB Sport-ს მისცა და რამდენიმე საინტერესო საკითხზე ისაუბრა.

ქართველმა ვიკინგმა კომენტარი როგორც მომავალი მეტოქის შესახებ, ასევე, ილია თოფურიასა და მერაბ დვალიშვილის საჩემპიონო ბრძოლებზეც გააკეთა.

გურამ ქუთათელაძის ინტერვიუ:

1-წლიანი პაუზა: სამწუხაროდ, იყო დაზიანებები, პრობლემები საბუთებთან და მეტოქესთან დაკავშირებით. ბრაზილიაში უნდა მებრძოლა, მაგრამ მეტოქესთან დაკავშირებით სირთულეები იყო. მაგრამ მადლობა ღმერთს, რომ ახლა მოწინააღმდეგე მყავს და ბრძოლაც შედგება. უკვე აბუ-დაბიში ვართ და ჩვენი საქმის შესასრულებლად მზად ვართ.

ჯორდან ვუჩევიჩის შესახებ: მის რამდენიმე ბრძოლას ვუყურე, მწვრთნელებმა კარგად შეისწავლეს. მას პირადად არ ვიცნობ და ბევრს ვერაფერს ვიტყვი. ვიცი, რომ ქეიჯ უორიორსის ჩემპიონი იყო. კარგი მეტოქე იქნება, ისევე როგორც UFC-ის ყველა სხვა მებრძოლი. აქ ცუდი მებრძოლები არ არიან.

როდის გავიცანი ილია თოფურია? ილია რამდენჯერმე ჩამოვიდა სტოკჰოლმში და საწვრთნელი ბანაკი ჩვენთან ერთად გაიარა. ერთმანეთს სწორედ იქ შევხვდით. ჩვენ ნათესავები ვართ. ჩვენი დედები სოხუმიდან არიან, ერთი რეგიონიდან და ერთ სკოლაში სწავლობდნენ. მე და ილიას ახლო ურთიერთობა გვაქვს. მის მთელ ოჯახს ვიცნობ და ერთმანეთთან, სახლებშიც დავდივართ.

მქონდა თუ არა მასთან სპარინგი? დიახ, ილიასთანაც და მის ძმასთანაც. ძალიან მძიმე დარტყმა აქვს.

შეძლებს თუ არა მსუბუქ წონაში წარმატებით ასპარეზობას? ახლა ამაზე საუბარი ნაადრევია. მას მაქს ჰოლოუეისთან აქვს ჩხუბი და მოდით, ქამრის დაცვის საშუალება მივცეთ. შემდეგ კი, თუ მას ექნება ინტერესი სხვა წონაში ჩხუბის და ამის შესაძლებლობას UFC-იც მისცემს, მგონია, რომ მას აქვს შესაბამისი ძალა, კონდიცია, უნარი და წონა, რომ 70 კილოგრამში იასპარეზოს და ქამარიც მოიგოს.

მერაბ დვალიშილისა და შონ ომალის ბრძოლაზე. რას ვიტყვი ომალის დარტყმაზე? ის კარგი სტრაიკერია, ამას ვერ დავუკარგავთ. მაგრამ იმედი მაქვს და ვფიქრობ, რომ მუდმივი ზეწოლით, რომელიც ჭიდაობით იქნება განპირობებული, მერაბი ომალის მოუგებს და ღმერთის ნებით, საქართველოში კიდევ ერთი ქამარი წავა.

მერაბის იუმორი? მისი კარგად მესმის. ყველას თავისი სტილი და ხასიათი აქვს, ყველა მებრძოლი უნიკალურია. ეს არის მისი სტილი და იმიჯი. მერაბი ძალიან მიყვარს.

2021 წელს პედი პიმბლეტთან მოთხოვნილი ბრძოლა და ახლა ბრძოლის სურვილი: თუ UFC-ი ამ ბრძოლას ოდესმე მომცემს, რაც ძალიან მეეჭვება, მაშინ რატომაც არა? მე ყველასთან ბრძოლისთვის მზად ვარ, არ აქვს მნიშვნელობა რა ჰქვია. ამ ბიჭს ოქროს გზა გაუხსნეს, მაგრამ რისი გაკეთება შეგვიძლია? ზოგს ერთი თითის დაჭერით ეძლევა სასურველი ბრძოლა და გზაც ეხსნება. ასე მუშაობს საბრძოლო ბიზნესი.

შეგახსენებთ, რომ გურამ ქუთათელაძე UFC-ის ოქტაგონზე 13 თვეა არ გამოჩენილა და 1-წლიანი პაუზის შემდეგ ის 3 აგვისტოს, აბუ-დაბიში UFC ABC-ზე დაბრუნდება. „ქართველი ვიკინგის“ მეტოქე ორგანიზაციის დებიუტანტი, ინგლისელი ჯორდან ვუჩენიჩი იქნება, რომელსაც MMA-ში 13 გამარჯვება და 2 მარცხი აქვს.

რაც შეეხება გურამ ქუთათელაძეს, 32 წლის მებრძოლმა ბოლოს 2023 წლის 2 ივლისს, ელვის ბრენერის წინააღმდეგ იბრძოლა და ნოკაუტით დამარცხდა. MMA-ში ქუთათელაძის რეკორდი 12 მოგება და 4 მარცხია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები