ბათუმის დინამო, ლევან ხარაბაძე, ანდრეი დემჩენკო, ჟალენ ბლესა
Aa
Aa

საკამათო მომენტი და უგოლო მატჩი - ბათუმის დინამო ევროტურნირებს დაემშვიდობა

UEFA-ს კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრაში მონტენეგროს ჩემპიონ „დეჩიჩსა'' და საქართველოს ჩემპიონ ბათუმის „დინამოს'' შორის შეხვედრა 0:0 დასრულდა. „დინამო'' შინ 0:2 დამარცხდა და შემდეგ ეტაპზე მონტენეგროს წარმომადგენელი გავიდა, რომელიც მესამე ეტაპზე ფინურ ჰიკ-ს შეხვდება. „დეჩიჩი'' ევროტურნირებზე მხოლოდ მესამედ გამოდის და კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველად ითამაშებს, კლუბმა ბათუმის „დინამოს'' გამოთიშვით ისტორია დაწერა.

ანდრეი დემჩენკოს გაწვრთნილი ბათუმის „დინამო,'' რომელმაც 2024 წელს კრისტალბეთ ეროვნული ლიგა მოიგო, ევროტურნირებს დაემშვიდობა, ჯერ ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე „ლუდოგორეცთან'' დამარცხდა, შემდეგ კი კონფერენს ლიგაზე „დეჩიჩთან''.

დღევანდელ შეხვედრაში ბათუმის „დინამო'' ბურთის ფლობის უპირატესობას ფლობდა, თუმცა რეალურ საგოლე მომენტებს ვერ ქმნიდა.

72-ე წუთზე ბათუმის „დინამოს'' ესპანელი ფორვარდის, ჟალენ ბლესას წინააღმდეგ თამაშის წესი ნამდვილად დაირღვა. მსაჯი შეცდა და VAR-ის შემთხვევაში დიდი ალბათობით პენალტი დაინიშნებოდა.

84-ე წუთზე ლევან ხარაბაძემ სახიფათოდ დაარტყა, ბურთი მეტოქის კარის ძელს მოხვდა. ალბათ, ეს ბათუმის „დინამოს'' მხრიდან შექმნილი ყველაზე სახიფათო მომენტი იყო, თუმცა ასევე უნდა ვაღიაროთ, რომ დემჩენკოს გუნდს შეტევების გამწვავების მცდელობები ჰქონდა. საერთო ჯამში, დემჩენკოს გუნდმა ცუდად ითამაშა და ფავორიტის სტატუსი ვერ გაამართლა.

თბილისის „დინამოს'' შემდეგ ბათუმის „დინამო'' მეორე ქართული კლუბია, რომელმაც ევროსეზონი დაასრულა. ქუთაისის „ტორპედო'' და „იბერია 1999'' კონფერენს ლიგაზე თამაშს აგრძელებენ. მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე „ტორპედო'' შინ „ომონიას'' მიიღებს (პირველი აგვისტო, 21:00), ხოლო „იბერია 1999'' ალბანურ „პარტიზანს'' ესტუმრება (პირველი აგვისტო, 22:00). რაც შეეხება პირველ შეხვედრებს, „ომონიამ'' შინ „ტორპედოს'' 3:1 მოუგო, „იბერია 1999''-მა „მიხეილ მესხზე'' „პარტიზანს'' 2:0 სძლია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები