“დუელებში უფრო ძლიერი იყავი“ - რუდიგერმა ვარჯიშზე ენდრიკი დააზიანა
18 წლის ენდრიკმა ოცნება აისრულა და მადრიდის რეალში გადავიდა, სადაც თავს ძალიან ბედნიერად გრძნობს. ეს მისი პრეზენტაციის დროსაც გამოჩნდა, როდესაც მან ცრემლები ვერ შეიკავა.
საინტერესოა რამდენად არის დღეს ის ბედნიერი. MARCA საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.
ვიგებთ, რომ დღეს გამართულ ვარჯიშზე, როდესაც ფეხბურთელები გაიყვნენ და ფეხბურთის თამაში დაიწყეს, ანტონიო რუდიგერს თინეიჯერი ბრაზილიელის პერსონალური მეურვეობა დაევალა.
გამოცემა წერს, რომ გერმანელი უკანახაზელი ენდრიკის წინააღმდეგ ისეთი ინტენსივობით თამაშობდა, როგორც ეს ერლინგ ჰოლანდის და ჰარი კეინის წინააღმდეგ გააკეთა. მეტიც, ერთ ეპიზოდში მცირე დაზიანებაც კი მიაყენა.
რუდიგერი ამაზე არ შეჩერდა და ბრაზილიელ თავდამსხმელს ერთ-ერთ ეპიზოდში დაუყვირა: „დუელებში უფრო ძლიერი იყავი“.
რა თქმა უნდა, ანტონიომ ეს რჩევის სახით უთხრა, მაგრამ ენდრიკი ცოტა განაწყენებული ჩანდა. MARCA იმასაც წერს, რომ ენდრიკის წინააღმდეგ რუდიგერის ასეთი ხისტი თამაში ფიზიკური მომზადების მწვრთნელის ანტონიო პინტუსის ვარჯიშის ნაწილია.
შეგახსენებთ, რომ სამეფო კლუბმა ენდრიკი 60 მილიონი ევროს სანაცვლოდ პალმეირასიდან წამოიყვანა. 18 წლის შემტევი სწორედ ამ კლუბში გაიზარდა და მთავარ გუნდში 2022 წლიდან თამაშობდა.
2022 წლიდან 2024 წლის ჩათვლით, ენდრიკმა პალმეირასის მაისური ყველა ტურნირზე ერთად 82-ჯერ მოირგო, 21 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.