ტატო გრიგალაშვილი
Aa
Aa

გრიგალაშვილი: ბრძოლისთვის შევედით, თუმცა უბრძოლველად დავასრულეთ

პარიზის ოლიმპიადაზე - 81 კგ. წონით კატეგორიის ფინალში ტატო გრიგალაშვილი იაპონელ ტაკანორი ნაგასესთან დამარცხდა და ვერცლის მედალს დასჯერდა. იაპონელმა ორი ვაზარითა და ავასატე იპონით გაიმარჯვა.

ფინალის შემდეგ ტატო გრიგალაშვილი CrystalSport-ს ესაუბრა.

ტატო გრიგალაშვილი: „რა თქმა უნდა ეს დიდი წარმატებაა, ამ მედალს დიდ წარმატებად ვთვლი, მაგრამ ჩემი ფიზიკური კონდიციებიდან, სურვილიდან და შედეგებიდან გამომდინარე ეს ვერცხლის მედალი ისეთია, რომ ალბათ ყველას გული დაწყდებოდა და მეც ძალიან გულდაწყვეტილი ვარ ამით, მაგრამ ალბათ გამოსწორდება მომავალში.

რაც შეეხება ფინალურ შეხვედრას, ყველანაირად მზად ვიყავით, უნდა გვებრძოლა და ყველა შეხვედრაზე ბრძოლისთვის განწყობილი ვიყავით, თუმცა ისე მოხდა, რომ პირველი გდება ძალიან მარტივად გავუშვი, მეორეც მალე იყო და ვერ ვაჩვენეთ ის, რაც ქართველებს გვახასიათებს - ბრძოლა. ბრძოლისთვის შევედით იქ, თუმცა სამწუხაროდ უბრძოლველად დავასრულეთ’’.

შეგახსენებთ, ტატომ პირველ წრეში მოლდოველ მიხაილ ლატისევს მოუგო, 1/8 ფინალში ავსტრიის სახელით მოასპარეზე ვახიდ ბორჩაშვილის ბარიერი დაძლია, 1/4-ფინალში ტაჯიკი სომონ მახმადბეკოვი დაამარცხა. ნახევარფინალში ტატო გრიგალაშვილმა სამხრეთკორეელი ლი დაამარცხა და ფინალში გავიდა. ტატომ ოქროს დროში ბრწყინვალე ილეთი შეასრულა, იპონით გაიმარჯვა.

პარიზის ოლიმპიადაზე საქართველოს პირველი მედალი ტატო გრიგალაშვილმა მოუპოვა.

მსგავსი სიახლეები