„თუ ლაშა პარიზსა და ლოს-ანჯელესში გაიმარჯვებს, ყველა დროის საუკეთესო გახდება“ - კახი კახიაშვილის ინტერვიუ
ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის ოფიციალურ გვერდზე საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტის, კახი კახიაშვილის ინტერვიუ ვრცელდება, რომელიც თავიდან-ბოლომდე ლაშა ტალახაძის შესახებ არის ჩაწერილი.
კახი კახიშვილი პარიზის ოლიმპიადაზე ლაშა ტალახაძის მიერ დასახულ მიზნებსა და ზოგადად, მსოფლიო ძალოსნობაში მის როლზე საუბრობს.
კახი კახიაშვილი:
ლაშა ტალახაძის ამბიციებზე: ძალოსნობაში მხოლოდ ოთხი სპორტსმენია, რომელიც ოლიმპიური ჩემპიონი სამჯერ გახდა. თუ ლაშა პარიზში მესამე ტიტულს მოიპოვებს, თავისი მიღწევების გათვალისწინებით დიდი ალბათობით, ყველა დროის საუკეთესოს წოდებას მიიღებს.
თუ ლაშა ოთხი ოლიმპიური ოქროს მედლით დაგვემშვიდობება, ის უკვე ყველა დროის საუკეთესო სპორტსმენის წოდებას მიიღებს და ამას დიდი ხნით შეინარჩუნებს. ჩემი ოცნებაა, რომ ლაშამ ოთხი ოლიმპიური ოქრო იზეიმოს.
მძიმე წონის სპორტსმენისთვის გაცილებით რთულია ფორმის ხანგრძლივი დროით შენარჩუნება. ლაშას ახლანდელი ფორმის გათვალისწინებით, მისი თანმიმდევრულობა კიდევ უფრო დასაფასებელია.
ლაშა განვითარებას კიდევ აგრძელებს და თავის მიღწევებსაც აუმჯობესებს. ჩემი აზრით, ამას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს. ის კონკურენტულ გარემოში ასპარეზობს. მძიმე წონაში, მისი კონკურენტების მუდმივი ზეწოლა ლაშას ყოველთვის აძლევს გაუმჯობესების მოტივაციას.
მას საწყის ეტაპზე ჯანსაღი სავარჯიშო პირობები ჰქონდა, ფედერაციაც ყოველთვის ხელს უწყობდა და ამასთან, საუკეთესო სპეციალისტთან, გიორგი ასანიძესთან მუშაობს. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა დიდ ნიჭთან ერთად ხელს უწყობდა მუდმივ გაუმჯობესებაში.
სხვადასხვა ეპოქის სპორტსმენებთან შედარება? არსებობს ქართული გამოთქმა - „დრონი მეფობენ და არა მეფენი. ისინი, ვინ ტოპ-ძალოსნები იყვნენ, ყოველთვის პოპულარულები იქნებიან, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საუკეთესო მდგომარეობაში არიან.
დღეს ლაშაა, წარსულში კი დიდი ჩემპიონები ჰყავდათ თურქებს, საბჭოთა კავშირს, პოლონეთს, ჩინეთს, ირანს, საბერძნეთს, შეერთებულ შტატებს და ა.შ.
მომავალში აუცილებლად ვიხილავთ ახალ სახეებს, რომლებიც ძალოსნობაში ნიჭიერების ევოლუციას წარმოადგენენ, ისევე როგორც ფეხბურთში ვტკბებოდით პელეს, მარადონას, რუნალდუს, მესის, ბეკენბაუერის და სხვა ფეხბურთელების თამაშით.
ლაშას მაგალითი და მისი მიღწევები, ისევე როგორც სხვა დიდი სპორტსმენების ეფექტი, ხელს უწყობს ჩვენი სპორტის სახეობის განვითარებას. ის ასევე თითოეული ძალოსნისთვის დიდი მოტივატორიცაა.
ვამაყობ, რომ ლაშა ჩემი გუნდის წევრია. პლანეტაზე მან ყველაზე მეტი ასწია. საკუთარი თავითაც ვამაყობ, რადგან ავწიე 145,75 კგ., რაც ჩემს წონაზე 89,25 კგ-ით მეტი იყო. მე და ლაშა ჩვენი დროის საუკეთესო შედეგებს ვიზიარებთ.
ფედერაცია სწორედ მაშინ ჩავიბარე, როდესაც ჩემს ქვეყანას დისკვალიფიკაცია ემუქრებოდა. ლაშასთან პირადი ურთიერთობაც სწორედ მაშინ დაიწყო, როდესაც 2015 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში ვიღებდი მონაწილეობას. მაშინ ლაშას და სხვა სპორტსმენებს ჩემს ხედვებს, გეგმებსა და განვითარების პროგრამას ვაცნობდი.
მისი პოტენციალის შესახებ პირველად მწვრთნელმა, ვანო გრიკუროვმა გამაგებინა, რომელიც მაშინ საქართველოს ნაკრების მწვრთნელი იყო. ასევე, ვიცნობდი კობა ტალახაძეს, ლაშას მამას. ერთად ვვარჯიშობდით და ერთმანეთს ვეჯიბრებოდით, ერთი თაობის ვართ. ლაშას მამასაც დიდი ნიჭი ჰქონდა, მაგრამ მისი კარიერა სხვა გზით წავიდა. ვიტყოდი, რომ ლაშამ ის მიღწევები დაიბრუნა, რომელიც მამამისმა გაუშვა, ასე რომ, ჩვენ პლანეტაზე ყველაზე ძლიერი სპორტსმენი გვყავს.
როგორც ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, მთავარ მწვრთნელ გიორგი ასანიძესთან ერთად მიზნად დავისახე, რომ სპორტსმენებს კარგ და რთულ პერიოდში მხარში მაქსიმალურად ამოვუდგე. ჩემი მისიაა შევქმნა ისეთი გარემო, სადაც სპორტსმენებს დიდი შედეგების მიღწევა შეეძლებათ.
მოგვიანებით, როდესაც ლაშას რთული პერიოდი ჰქონდა, გვერდში რამდენჯერმე დავუდექი. მიხარია, რომ მაშინდელი სანქციების დაფარვის შესაძლებლობა გამოგვიჩნდა, ამან არა მარტო ლაშას, არამედ მთელ ფედერაციას შესაძლებლობა მოგვცა, რომ ფუნქციონირება გაგვეგრძელებინა. კიდევ ერთი შემთხვევა მახსენდება, როდესაც ლაშას ჩემი პირადი რესურსებით დავუჭირე მხარი, რათა ჰქონოდა შესაძლებლობა, რომ თავისი ოცნება და ვარჯიშის რუტინა შეენარჩუნებინა.
რას უნდა ველოდოთ ლაშასგან პარიზში? მინდა, რომ როგორც პარიზში, ისე 2028 წელს ლოს-ანჯელესში ლაშა თავის საუკეთესო ფორმაში ვნახო. მისი სრულიად მჯერა, თუნდაც იმის გათვალისწინებით, რომ ასეთი ხანგრძლივი - 328-დღიანი შესვენება პირველად გვქონდა.
ნამდვილად ვერ გეტყვით, რომ პარიზში ასტრონომიულ - 500 კგ.-ს ვიხილავთ, რადგან მთავარი მიზანი მესამე ოლიმპიადის მოგება იქნება. მაგრამ თუ ლაშა ვარჯიშს გააგრძელებს, დარწმუნებული ვარ, რომ ერთ დღეს 500 კგ-საც აღვნიშნავთ. მთელი ქვეყანა - ქართული სპორტული საზოგადოება, სპორტის სამინისტრო, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი, საქართველოს მთავრობა, ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია, მე, მთავარი მწვრთნელი გიორგი ასანიძე, პირადი მწვრთნელი ავთო გახოკიძე, ლაშას ოჯახი, ექიმები და მეგობრები ვლოცულობთ და ვოცნებობთ, რომ ლაშამ ამ წარმატებებს მიაღწიოს, ეს შესანიშნავი შედეგები იქნება. ყველანი ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მხარი დავუჭიროთ მას როგორც პარიზში, ისე ლოს-ანჯელესში.
შეგახსენებთ, რომ ლაშა ტალახაძე ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია. ლეგენდარულმა ძალოსანმა ჩემპიონობა პირველად 2016 წელს, რიოს ოლიმპიადაზე იზეიმა, შემდეგ კი იგივე შედეგი ტოკიო 2020-ზე გაიმეორა. ტალახაძეს პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე 10 აგვისტოს ვიხილავთ.