„სამარცხვინოა“ | ჭიკაძისა და ალენის დაპირისპირება სოც ქსელებში
UFC 304-ზე, გიგა ჭიკაძე არნოლდ ალენს დაუპირისპირდა და ქართველი მებრძოლი მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა. ჩხუბის შემდეგ, „ნინძამ“ სოციალურ ქსელში ორი პოსტი გამოაქვეყნა, რომლებსაც ალენი გამოეხმაურა და გიგას საქციელს სამარცხვინო უწოდა.
„არავითარი თავის მართლება! ავაცილე, მაგრამ მალე დავბრუნდები“, - განაცხადა ჭიკაძემ „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში, შემდეგ კი ვიდეო გაავრცელა, რომელშიც აღნიშნა, რომ პირველი რაუნდის ბოლოს, მხრის მყესი გაუწყდა, რის გამოც, დიდი ალბათობით, ოპერაციის ჩატარება მოუწევს.
გიგას სიტყვები ალენს უყურადღებოდ არ დაუტოვებია და ქართველი მებრძოლი გააკრიტიკა: „ეს სწორი გზა არაა. თან საიდან იცის, რომ ოპერაცია სჭირდება. პირველ რაუნდში მგონი ხელი მოვიტეხე, მაგრამ ჯერ კიდევ მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფიისა და რენტგენის პასუხების მოლოდინში ვარ. UFC-ის ექიმებმა ალბათ მომატყუეს“.
ჭიკაძემ ალენს მალევე უპასუხა: „რაზე ლაპარაკობ ძმაო? შენი „გამარჯვებით“ ისიამოვნე. ჩემი პოსტის მიზანი რამის დამტკიცება არ ყოფილა. უბრალოდ გულშემატკივრებს ინფორმაცია მივაწოდე. პირველი რაუნდის ბოლოს, როცა მუხლით დაგანოკდაუნე, ტრავმა მივიღე. მხარი ვიტკინე და მარჯვენა ხელს ვერ ვწევ. ვლოცულობ, რომ ოპერაცია არ დამჭირდეს“.
გიგას ამ სიტყვებს ინგლისელი მებრძოლი ერთი სიტყვით გამოეხმაურა: „სამარცხვინოა“.
ცნობისთვის, გიგა ჭიკაძეს MMA-ში 19 ბრძოლა აქვს გამართული და მის ანგარიშზე 15 გამარჯვებაა. „ნინძა“ UFC-ში ორჯერ, კელვინ კატართან და არნოლდ ალენთან დამარცხდა.