„ყველა პოზიციაზე განსხვავებას ქმნის“ | ჯაკერინიმ კვარაცხელია შეაქო და ნაპოლიზე ისაუბრა
ემანუელე ჯაკერინიმ ანტონიო კონტეს „ნაპოლიზე“ ისაუბრა და განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ში საუკეთესო გარემარბია. „იუვენტუსის“, „სანდერლენდისა“ და „ნაპოლის“ ყოფილმა ფეხბურთელმა ინტერვიუ Kiss Kiss Napoli-ს მისცა და „პარტენოპეის“ შემადგენლობის გაძლიერებისკენ მოუწოდა.
„ვიცი, ანტონიო კონტე რა მეთოდებით მუშაობს და ჩემი აზრით, მას შეუძლია, გუნდის ხარისხი გაზარდოს. ინტერთან ჩამორჩენა დიდია და ნერაძურისთან მიახლოება რთული იქნება. ნაპოლის შემადგენლობის სრულყოფა ესაჭიროება, რადგან ამ მომენტისთვის, გუნდი სათანადოდ ძლიერი არაა. პარტენოპეიმ პიოტრ ჟელინსკი დაკარგა, რომელიც პირადად ჩემთვის, ძალიან ძლიერი ფეხბურთელია და რაფა მარინისა და ალესანდრო ბუონჯორნოს შეძენა საკმარისი არაა.
თანამედროვე ფეხბურთში არის თამაშები, რომლებსაც სათადარიგოთა სკამი იგებს და ნაპოლის შემადგენლობა ინტერის დონის არაა. ძერბინი? მას დიდი წინსვლა აქვს და შესაძლებელია, ნაპოლის ჯაკერინი გახდეს. კონტე არის სპეციალისტი, რომელიც ფეხბურთელებს დიდი პროგრესის მიღწევაში ეხმარება და ვნახოთ, რა მოხდება.
კვარაცხელია? ხვიჩა სერია A-ში საუკეთესო გარემარბია და რაფაელ ლეაუზე მაღლა დგას. მართალია, გასულ სეზონში მასაც გაუჭირდა, მაგრამ კვარა ყველაზე სტაბილური და სრულყოფილი იყო. თანაც, სხვებთან შედარებით, მას ბევრად მეტი მსხვერპლის გაღება მოუწია.
კვარაცხელია არის ფეხბურთელი, რომელიც რა პოზიციაზეც არ უნდა ათამაშო, განსხვავებას ყოველთვის ქმნის. ბოლო წლებში, თამაშობს იქ, სადაც მეტოქეებზე წასვლის საშუალება ეძლევა. გამომდინარე აქედან, არის შანსი, მოედნის ცენტრში გადაყვანის შემთხვევაში პრობლემები შეექმნას და თავისი თვისებები ბოლომდე ვერ გამოავლინოს“.
შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ ახალი სეზონისთვის ემზადება და ამხანაგურ მატჩებს მართავს. „კვარა“ გუნდს რამდენიმე დღის წინ შეუერთდა და „ეგნატიასთან“ 4:0-ით მოგებულ შეხვედრაში, თავი ლამაზი გოლით გამოიჩინა.