გურულმა მოგებით დაიწყო - ლაშას მედლამდე ერთი მოგება აშორებს
ლაშა გურულმა (63,5 კგ) პარიზის ოლიმპიური თამაშები გამარჯვებით დაიწყო. მერვედფინალში 27 წლის ქართველმა მოკრივემ აზერბაიჯანელი მალიკ ჰასანოვი 5:0 დაამარცხა და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ კიდევ ერთი შეხვედრის მოგების შემთხვევაში, ის ბრინჯაოს მედალს გაინაღდებს.
პირველ რაუნდში ხუთი მსაჯიდან ქართველ სპორტსმენს უპირატესობა სამმა მიანიჭა, ორმა კი აზერბაიჯანელის უპირატესობას გაუსვა ხაზი. მეორე-მესამე რაუნდებში კი გურული კიდევ უფრო დამაჯერებელი იყო და მოწინააღმდეგეს არანაირი შანსი არ დაუტოვა. ქართველი მოკრივის მომდევნო მეტოქე ამ წუთებში ირკვევა და მეოთხედფინალურ შეხვედრას ის 1 აგვისტოს გამართავს.
ლაშა გურული როგორც მსოფლიოს, ასევე ევროპის ჩემპიონატის 2-გზის ვერცხლის პრიზიორი. ოლიმპიადის ლიცენზია კი მან შარშან ზაფხულში ევროპული თამაშების ვიცე-ჩემპიონის ტიტულის მოგების შემდეგ მოიპოვა. კარიერის განმავლობაში სამოყვარულო კრივში ჩატარებული 85 ბრძოლიდან გურულის გამარჯვებით 65 დასრულდა.