„ასეთი ნაკრები არასოდეს გვყოლია“ - ლიპარტელიანი ოპტიმისტურ განწყობას ინარჩუნებს
რამდენიმე თვის წინ, თბილისის გრანდ სლემის დროს, ქომაგებმა აქტიური სპორტიდან ქართული ძიუდოს ორი ლეგენდა, ვარლამ ლიპარტელიანი და ავთანდილ ჭრიკიშვილი გააცილეს. ლიპარტელიანისთვის ბოლო ოლიმპიური თამაშები 2021 წელს ტოკიოში ჩატარდა, სადაც მედლის გარეშე დარჩა. საუკეთესო შედეგს კი მან 2016 წელს რიო დე-ჟანეიროში მიაღწია, როდესაც ფინალამდე გააღწია და ჩემპიონობამდე მხოლოდ ერთი ნაბიჯი დააკლდა. ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა გადაცემაში „სპორტი იმედზე“ მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი ძიუდოისტების შანსებზე ისაუბრა
რა თქვა ლიპარტელიანმა
პირველ რიგში მინდა გიორგი სარდალაშვილი გავამხნევო - ის ჯერ ძალიან ახალგაზრდაა და კიდევ ბევრ ოლიმპიადაზე მოუწევს ასპარეზობა. გიორგის აქვს ყველა ის საჭირო თვისება, რაც ფენომენალური შედეგების ჩვენებისთვის არის საჭირო და მას წინ საოცრად დიდი კარიერა ელოდება.
ოპტიმისტურად ვარ განწყობილი დარჩენილ თითოეულ წონით კატეგორიაში - მერწმუნეთ, თქვენს წინაშე ოქროს თაობაა და ძიუდოში ასეთი გუნდი არასოდეს გვყოლია.
ლაშა ბექაური მოქმედი ჩემპიონია და მას გამოარჩევს უნარი, თითოეული დიდი შეჯიბრების წინ საკუთარი თავი ფსიქოლოგიურად კარგად მოამზადოს და განაწყოს, რაც იშვიათი და დასაფასებელი თვისებაა.
უშუალოდ ძიუდოსა და ამ სპორტში მიმდინარე მოვლენებს რაც შეეხება, ჩემი აზრით ბევრი რამ არის შესაცვლელი. ბრძოლების თითქმის ნახევარში დამატებითი დრო ინიშნება, რაც იმით არის განპირობებული რომ სპორტსმენები ფრთხილობენ და გარისკვას ყველა ერიდება.
როგორც უკვე მოგახსენეთ, ვარლამ ლიპარტელიანი 2016 წლის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორია. მას ევროპის ჩემპიონატზე 3 ოქროს, 4 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს, მსოფლიოს პირველობაზე კი 3 ვერცხლისა და ამდენივე ბრინჯაოს მედალი აქვს მოგებული.