მესამე დღეც უმედლოდ - ლიპარტელიანი ბრინჯაოსთვის ბრძოლაში დამარცხდა
პარიზში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე, მესამე დღე საქართველოს დელეგაციისთვის კვლავ წარუმატებელი გამოდგა. დღეს, ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი ძიუდოისტთა შორის -57 კგ. წონით კატეგორიაში ეთერ ლიპარტელიანს ჰქონდა, თუმცა, ქართველი სპორტსმენი ფრანგ სარა ლეონ სისიკესთან დამარცხდა.
ლიპარტელიანმა შეხვედრის დაწყებიდან მალევე ჯერ ვაზარი გაუშვა, შემდეგ კი ფრანგმა სუფთა გდება შეასრულა და საბოლოოდ, იპონით გაიმარჯვა.
ლიპარტელიანმა ოლიმპიადაზე ასპარეზობა პირველ წრეში, დიდ ბრიტანელ ლილი ნაირნთან გამარჯვებით დაიწყო. ქართველმა ჯუდოკამ მეორე წრეში უზბეკი შუკურჯონ ამინოვა დაამარცხა, 1/4 ფინალში კი ბრაზილიელ რაფაელა სილვასთან დამარცხდა და რეპეშაჟში გადაინაცვლა.
დამამშვიდებელ წრეში ლიპარტელიანმა მონღოლ ენხრიილენ ლხაღვატოღოს აჯობა და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის უფლება ასე მოიპოვა.
შეგახსენებთ, რომ დღესვე, ძიუდოში ვაჟთა შორის -73 კგ. წონით კატეგორიაში ლაშა შავდათუაშვილმაც იასპარეზა, მაგრამ საქართველოს ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი ძიუდოისტი პირველივე შეხვედრაში ფრანგ ჟან-ბენჟამინ გაბასთან დამარცხდა.
ცნობისთვის, პარიზის ოლიმპიადის მესამე დღეს საქართველოს დელეგაციიდან მოკრივე ლაშა გურული დახურავს, რომელსაც ოლიმპიურ რინგზე საქართველოს დროით 22:48 საათიდან ვიხილავთ.