„ლეგენდას მოუგო“ - შავდათუაშვილის მეტოქეს აქებენ
ქართველი გულშემატკივრისთვის სამწუხაროდ, ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ) პარიზში კარიერაში ყველაზე სუსტი ოლიმპიური თამაშები ჩაატარა და პირველივე შეხვედრაში დამარცხდა. მსოფლიოს ძიუდოს 32 წლის ქართველ ლეგენდას, რომელიც იმ იშვიათ სპორტსმენთა კატეგორიას მიეკუთვნება, ვისაც სამივე სინჯის მედალი აქვს მოპოვებული, 23 წლის ფრანგმა ჟოან-ბენჟამენ გაბამ მოუგო. ამ ბრძოლის დასრულების შემდეგ, ფრანგული სპორტული პრესის გამოხმაურება საკმაოდ საინტერესო იყო.
რას წერენ შავდათუაშვილი-გაბას შეხვედრაზე
ბუნებრივია, ნებისმიერი სპორტსმენი თავის სამშობლოში გასამართი ოლიმპიური თამაშებისთვის განსაკუთრებული პროგრამით ემზადება. თუმცა, გაბას მზაობამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.
მართალია, მას შავდათუაშვილისთვის ილეთით არ მოუგია, მაგრამ სამაგიეროდ მსოფლიოს ძიუდოს ლეგენდის დამარცხებით თავიდანვე ყველას დაუმტკიცა, რომ არავისი შიში არ ჰქონდა და ბოლომდე საბრძოლველად იყო განწყობილი.
შეგახსენებთ, რომ გაბას სენსაციური გამოსვლა ქართველი ოლიმპიური ჩემპიონის დამარცხებით არ ამოწურულა და მეოთხედფინალში მან წონის კიდევ ერთ ფავორიტს, იაპონელ სოიჩი ჰაშიმოტოს აჯობა და ნახევარფინალში გავიდა.