სათაურის წაკითხვის შემდეგ შესაძლოა ფიქრობთ, რომ ტალანტი დიდ მოედანზე, 11/11-ზე თამაშის აღმოაჩინეს, მაგრამ არა, მინი-ფეხბურთის ტურნირზე, 6/6-ზე თამაშისას. ისტორია შთამბეჭდავია.
დიეგო დეისაძე, ემიგრაციაში წასული კიდევ ერთი ოჯახის შვილი, რომელიც ტიტანური შრომის შემდეგ პოლონურ კლუბ „ტერმალიკაში’’ დიდი აფეთქებისთვის ემზადება და საქართველოს ნაკრებში თამაშზე ოცნებობს. სტატიის მთავარი მიზანია დაგანახოთ ის ნიჭი, რომელიც უცხოეთში ვითარდება, მაგრამ აქვს პერსპექტივა სანაკრებო დონეზე საქართველოსთვის სარგებლის მომტანი იყოს. ამასთანავე, ეს არის მცდელობა, საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელებს მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღებაში დავეხმაროთ.
დიეგო ბევრისთვის უცნობი ტალანტია, 15 წლიდან პოლონეთში იზრდება, დაახლოებით სამი წლის წინ „ჩელსის’’ სკაუტმა ბარტოშ ოლეცკიმ მინი-ფეხბურთის ტურნირზე აღმოაჩინა, ჯერ მე-6 ლიგის კლუბში მიიყვანა და შემდეგ მე-6 ლიგიდან მე-2 ლიგის გუნდმა დაიმატა: გასულ სეზონში, მარტში, 19 წლის დიეგომ პირველი პროფესიული კონტრაქტი „ტერმალიკასთან’’ გააფორმა (რანგით მეორე ლიგა). შესაძლოა, მკითხველი სტატიას კრიტიკულად შეხვდეს, მე ამისთვის მზად ვარ, რადგან ფეხბურთელს, რომელიც მალე, 15 ოქტომბერს 20 წლის გახდება, პროფესიონალურ დონეზე მხოლოდ ორ მატჩში უთამაშია და საერთო ჯამში მხოლოდ 15 წუთი. ცხადია, ეს კარგი სტატისტიკა არაა, მაგრამ დიეგოს ისტორია განსხვავებულია და მაქვს არგუმენტები, ვფიქრობ მყარი, რომელთაც სტატიაში დეტალურად თქვენთან ერთად გავივლი. სტატია მოიცავს ინტერვიუს სკაუტთან (ბარტოშ ოლეცკი), მწვრთნელთან (ფშემეკ კოსტიკი), დიეგოს ყოფილ თანაგუნდელებთან (მიხეილ სარალიძე, ლეონ ჰენდიგერი), რაც დაგვეხმარება დიეგოს შესახებ მაქსიმალურად ობიექტური სურათი დავინახოთ. სტატიაზე თითქმის სამი თვე ვმუშაობდი, რომ მაქსიმალურად ზუსტი და ამომწურავი ინფორმაცია მომეწოდებინა თქვენთვის და არ იქნება გადაჭარბება, თუ ვიტყვი რომ ქართული ფეხბურთისთვის, როგორც ჟურნალისტმა, დიეგო მე აღმოვაჩინე.
დიეგოს გზა, შრომა და ფეხბურთისთვის თავის მიძღვნა სამაგალითოა. აღიარებს რომ პროფესიულ კლუბში მოხვედრა დააგვიანა. წვალება - ეს სიტყვა კარგად გამოხატავს იმ სირთულეების გადალახვის პროცესს, რასაც არასრულწლოვანი ფეხბურთელი ქართული პასპორტით ევროპაში აწყდება.
2004 წლის 15 ოქტომბერს დიეგო მოსკოვში დაიბადა, მამა მარადონას იმდენად დიდი ქომაგი იყო, შვილს მისი სახელი დაარქვა. მეტსახელიც დიდი ფეხბურთელის აქვს, აღნაგობიდან და თამაშის სტილიდან გამომდინარე პოლონეთში ზლატანით მიმართავენ, იბრა და ზლატანი მისი მეტსახელებია. ბავშვობაში, ზლატანის მსგავსად კარატეზე დადიოდა, ძიუდოსა და კრივშიც ვარჯიშობდა. უყვარს MMA, უყურებს ხოლმე, განსაკუთრებით მაშინ, როცა ქართველები გამოდიან. ძალისმიერი სპორტების სიყვარული ერთ-ერთი მიზეზია, რატომაც დიეგოს ისედაც ბუნებრივი ძალა კიდევ უფრო განვითარდა. გარდა აღნაგობისა, ტექნიკისა და ფიზიკური ძალის სინთეზი ზლატანთან პარალელის გავლების მეტ საფუძველს გვაძლევს, თუმცა ჯერ მხოლოდ დასაწყისია. შესაძლოა, ძალიან დიდი ფეხბურთის დასაწყისი. ვინ იცის? გასაოცარია ბევრი მნიშვნელოვანი უნარის არსებობა ერთ ფეხბურთელში: ფიზიკურად ძლიერი (მძიმე ტრავმა არასდროს მიუღია), ძალიან სწრაფი და ტექნიკური. შთამბეჭდავი სიმაღლის - 1,94 მეტრის. მეორე მხარეა დამოკიდებულება საქმისადმი, რეჟიმის ერთგულება და დაუჯერებლად ბევრი ვარჯიში.
ფოტო, რომელიც თამარ მაისაშვილმა დახატა და დიეგოს სტატიას მიუძღვნა, ზლატან იბრაჰიმოვიჩის ცნობილი ფოტოს ინსპირაციაა, ზლატანი წევს და მისი კუმირის, ბრაზილიელი რონალდოს შესახებ წიგნს კითხულობს. ასევე, ოთახში რონალდოს პოსტერი აქვს გაკრული.
დიეგო: „როცა „ტერმალიკაში’’ გადავედი, პირველად მოვხდი პროფესიულ კლუბში, ერთ-ერთი თამაშის წინ ჩვენი კლუბის ჟურნალისტი დიდხანს მესაუბრა, ბევრი კითხვა დამისვა და იყო ასეთიც: „შენი მეტსახელი ზლატანია, იბრას გადარებენ, რას იტყვი ამ ფაქტზე, მოგწონს?’’ რა თქმა უნდა მომწონს-მეთქი. ზლატანი ჩემთვის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია’’.
გარდა ზლატანისა, სხვა დიდ ფეხბურთელებზე დაკვირვების პროცესიც განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ბიძგის მიმცემი აღმოჩნდა. მესის მსოფლიოში საუკეთესოდ აღიარებს, ბავშვობიდანვე ძალიან უყვარს. 15 წლის ასაკში, როცა ფეხბურთის სათამაშოდ პოლონეთში წავიდა, რონალდუს თამაშის ყურება, კრიშტიანუზე შექმნილი ვიდეოები დისციპლინის განვითარებასა და შრომის გააზრებაში დაეხმარა. დიდ ფეხბურთელებზე შექმნილი დოკუმენტური ფილმების მაყურებელია.
დიეგო: „მესი მსოფლიოში საუკეთესოა, მაგრამ რონალდუზე დაკვირვება ძალიან დამეხმარა იმის გააზრებაში, თუ რამდენი რამე მოაქვს შრომას, ბევრ რამეს განაპირობებს. როცა ვიტყვი, რომ ხვალ დილის 7 საათზე უნდა ავდგე, ასე უნდა გავაკეთო. თუ არ გავაკეთებ, ჩავარდნილი დღეა’’.
როგორც გითხარით მოსკოვში დაიბადა, თუმცა ოჯახმა რუსეთი მალე დატოვა, დიეგო ქუთაისში იზრდებოდა, 5 წლიდან ქუთაისის „მართვეში’’ მერაბ შანიძესთან ვარჯიშობდა. დაახლოებით 1 წელი „ტორპედოში’’ იყო. შემდეგ იყო გერმანული „რეგენსბურგი’’, სადაც 3 თვე ივარჯიშა და ბიუროკრატიული პრობლემის გამო „მართვეში’’ დაბრუნდა.
დიეგო: „ფეხბურთზე გული მხოლოდ ერთხელ ავიცრუე, აღნაგობიდან გამომდინარე „ტორპედოში’’ ცენტრალურ მცველად დამწიეს, მაგრამ მე შეტევაში თამაში მინდოდა. კარგად განზრახ არ ვთამაშობდი, რომ მცველად არ დავეყენებინე, შემდეგ 3 თვით გერმანიაში წავედი და პირველად გამოვცადე ქართველი ფეხბურთელებისთვის კარგად ნაცნობი ბიუროკრატიული წინაღობა''.
მამა პოლონეთში ცხოვრობდა, დიეგოს და ვარშავის უნივერსიტეტში სწავლობდა. ამიტომ, 15 წლის ასაკში ქუთაისის „მართვედან’’ პოლონეთში წავიდა, თამაში „ესკოლა ვარსოვიაში'' დაიწყო, 2 თვის შემდეგ „პოლონია ვარშავაში’’ გადავიდა. სადაც ბიუროკრატიულ პრობლემას კიდევ ერთხელ წააწყდა.
დიეგო:„წარმოიდგინე, „პოლონია ვარშავაში’’ სამი შეკრება გავიარე, შეკრებიდან ჩამოვდიოდით, თამაშები იწყებოდა და თამაშებზე საყურებლად მივდიოდი. ძალიან რთული იყო, როცა ვარჯიშებზე დავდიოდი და ვერ ვთამაშობდი. იმისთვის ვარჯიშობ, რომ კვირას ითამაშო, მაგრამ მოედანზე ვერ გადიხარ. გუნდი აგებს, გინდა დაეხმარო, მაგრამ ამის უფლება არ გაქვს’’.
საქართველოში დაბრუნებას აპირებდა, როცა „პოლონია ვარშავაში’’ გუნდელმა ლეონ ჰენდიგერიმ პოლონეთში პოპულარულ მინი-ტურნირზე, Liga Fanów-ზე თამაში შესთავაზა. ფეხბურთელისთვის, რომლის მიზანი პროფესიული ფეხბურთის თამაშია, 17-18 წლის ასაკში ამ ტიპის ტურნირი კარიერული პროგრესისთვის საუკეთესო გადაწყვეტილება არაა, თუმცა ბევრი გოლი გაიტანა (24 თამაშში 62 გოლი და 20 საგოლე პასი), საუკეთესო მოთამაშე გახდა და მთავარი ამბავიც მოხდა: ბარტოშ ოლეცკიმ, რომელიც იმ პერიოდში „ჩელსის’’ სკაუტი იყო (2017-22), დიეგო Liga Fanów-ზე ნახა, მოეწონა და თანამშრომლობა შესთავაზა. ეს იყო მომენტი, როცა დიეგოს, დაგვიანებით მაგრამ მაინც, იმ გზის გავლის კარგი შანსი მიეცა, რასაც პროფესიონალი ფეხბურთელები ეტაპობრივად გადიან, დაბალი ლიგიდან (დიეგოს შემთხვევაში მე-6 ლიგიდან!) უმაღლესი ლიგისკენ.
პოლონურად საუბრის კომპლექსის გადალახვაში ქართველი მასწავლებელი დაეხმარა, რომელიც გაკვეთილებს ონლაინ უტარებდა. ინგლისურად ძალიან კარგად საუბრობს, თუმცა ესმოდა რომ გარემოსთან ადაპტირებისთვის ადგილობრივი ენის ცოდნა აუცილებელი იყო. ასე უნდა მოიქცეს ყველა დამწყები ფეხბურთელი, როცა კარიერის შექმნას უცხოეთში ცდილობს. ეროვნული ნაკრებიდან ამის იდეალური მაგალითი გიორგი ქოჩორაშვილია, ესპანურ ენასთან და კულტურასთან ზიარების გარეშე შთამბეჭდავ პროგრესს ვერ აჩვენებდა, მით უმეტეს ბიჭი, რომელიც ტალანტთა სიაში ვერასდროს ხვდებოდა. ადამიანებთან ურთიერთობების ჩამოყალიბება და გარემოსთან ადაპტირება უმნიშვნელოვანესი ფაქტორია.
დიეგო: „პოლონური ენის გრამატიკა იმდენად კარგად ვისწავლე, რომ თურმე ასეთ დონეზე სწავლა საჭირო არ იყო. გრამატიკა, ისე კარგად როგორც მე, ბევრმა ადგილობრივმა არ იცის. ახლა მეუბნებიან, რომ გრამატიკულად ბევრ პოლონელზე გაცილებით უკეთ ვსაუბრობ’’.
ბარტოშ ოლეცკი CrystalSport-თან ინტერვიუში დიეგოს აღმოჩენისა და მასთან თანამშრომლობის ისტორიას იხსენებს:
„გრძელი ისტორიაა. დაახლოებით 3 წლის წინ მეზობლების ბიჭებმა ექვსკაციანი გუნდი გააკეთეს, მე და ჩემს შვილს მათთან ერთად თამაში გვთხოვეს. ვითამაშეთ Liga Fanów-ზე, პოლონეთში ყველაზე დიდ მინი-ტურნირზე, ვარშავაში. ერთ დღეს ჩემი მეზობლის იგივე ბიჭი ლეონ ჰენდიგერი მეუბნება, რომ მას ჰყავს მეგობარი, ვინც კარგი ფეხბურთელია. მისი სახელი დიეგოა და მას ჩვენთან ერთად თამაში სურს. ასე ვნახე პირველად დიეგო, მეც ვთამაშობდი.
რამდენიმე მატჩი ერთად ჩავატარეთ, თანდათან დიეგოს მნიშვნელობა იზრდებოდა და რამდენიმე კვირაში ვკითხე, სურდა თუ არა „დრუკაჟ ვარშავაში’’ თამაში. კლუბში, რომელიც ვარშავის ცენტრშია, ლამაზ პარკში. ამავე დროს ეს არის კლუბი, რომლის აკადემიის ფეხბურთელებს, ჩემი „ჩელსიში’’ მუშაობის მიუხედავად, განვითარებაში ვეხმარებოდი. მათ დიეგო ძალიან მოეწონათ და რამდენიმე მნიშვნელოვანი დოკუმენტის მოგვარების შემდეგ „დრუკაჟის’’ ფეხბურთელი გახდა. ჯერ იუნიორებში თამაშობდა, შემდეგ მეორე გუნდში და რამდენიმე თვეში პირველი გუნდის მნიშვნელოვან მოთამაშედ იქცა’’.
ეს საოცარი ისტორია ასე იწყებოდა, ოლეცკიმ ჯერ მე-6 ლიგის კლუბ „დრუკაჟ ვარშავაში’’ მიიყვანა. დიეგო დაბალ ლიგაში თამაშის წინააღმდეგი იყო, თუმცა ბარტოში თვლიდა, რომ პროგრესულ ნაბიჯს მალე გადადგამდა, სამოყვარულო ლიგაში თამაშს მცირე ხნით სთავაზობდა. ასევე, ბარტოშმა გამოცდილ სპეციალისტთან, ფშემეკ კოსტიკთან ინდივიდუალურ ვარჯიშებზე მიიყვანა, სადაც დიეგოს ტექნიკური უნარები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. ფეხბურთელის განვითარების გზა მკითხველისთვის მაქსიმალურად კარგად რომ დამენახებინა, ფშემეკ კოსტიკსაც ვესაუბრე, მასთან მუშაობით დიეგომ ტექნიკური უნარები გაიუმჯობესა, რაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია იმ ოპტიმიზმის გასააზრებლად, რასაც მე ვხედავ და მინდა თქვენც, მკითხველებმაც დაინახოთ.
ლეონ ჰენდიგერი: „პოლონია ვარშავაში'' გუნდელები ვიყავით, მაშინ ბევრად გამხდარი იყო და ნაკლებად თავდაჯერებული. ჩემი აზრით, მისი ყველაზე დიდი ტრანსფორმაცია ფიზიკურ ასპექტშია და კიდევ უფრო მეტად მენტალური კუთხით. ამ ყველაფრის შემდეგ უფრო მეტად კონცენტრირებული გახდა თავისი მიზნების მისაღწევად. ასე შეიცვალა, განვითარდა, ეს მას სჭირდებოდა''.
ფშემეკი CrystalSport-თან ინტერვიუში აღიარებს, რომ დიეგოს ფეხბურთის მაღალ დონეზე თამაშის უნარები აქვს. ასევე, ხაზს უსვამს მის პიროვნულ თვისებებს, ახასიათებს როგორც მშრომელსა და მიზანდასახულს.
ფშემეკ კოსტიკი: „დიეგოსთან მუშაობა ძალიან ადვილია. გისმენს, კონცენტრირებულია და ცდილობს ყველა შენს მესიჯს გაჰყვეს ან ინფორმაცია მიიღოს! ძალიან მშრომელი და მიზანდასახულია. ვარჯიშებზე ყოველთვის თავდადებულია, სავარჯიშო პროცესის დასრულების შემდეგ თავმდაბლურად ვარჯიშისას გამოყენებულ სავარჯიშო აღჭურვილობას ასუფთავებს.
ძალიან სწრაფია და არ აქვს მნიშვნელობა ბურთით არის თუ უბურთოდ. ფეხბურთელებს იმას არ ვასწავლი, რომ როცა ბურთი ექნებათ, სწრაფად გაიქცნენ, არამედ ეცადონ სირბილისას აკონტროლონ ბურთი და რომ ბურთთან შეხების რაოდენობა მინიმუმამდე დაიყვანონ. როცა ბურთთან შეხებები მინიმუმამდე მცირდება, სიჩქარეს არ კარგავენ, ბურთს აკონტროლებენ და სირბილის რიტმს ინარჩუნებენ. მაგალითად, ბეილის ცნობილი გაქცევა „ბარსასთან’’.
ფოტოზე: ფშემეკ კოსტიკი და დიეგო დეისაძე
დიეგო სწრაფი და ფიზიკურად ძლიერია, ეს თვისებები სტაბილურად მუშაობით კიდევ უფრო უმჯობესდება. უფრო მეტიც, ის მაღალია და ძალიან ტექნიკური! თუ კიდევ უფრო გააუმჯობესებს ამ ელემენტებს (ბურთის მიღების ხარისხი, პასი ან ვარდნის აცილების შემდეგ აჩქარება), რომლებზეც სტაბილურად ვმუშაობთ, მას შეუძლია გახდეს ევროპული დონის მოთამაშე !’’
დიეგო: „რომ გავიზარდე და წონაში მოვიმატე, ტექნიკასთან პრობლემები მქონდა, მაგრამ ფშემეკთან დანიშნული ვარჯიშები ძალიან დამეხმარა’’.
დიეგოს შესანიშნავი თამაში „დრუკაჟ ვარშავაში’’ „ვეშლოსთან’’. ეს ვიდეო უნიკალურია არა იმით, რომ დიეგო საუკეთესო თვისებებს ავლენს, არამედ კადრებია მეტოქე გუნდის გასახდელიდან, როცა მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელები დიეგოზე საუბრობენ. ზოგადად, ასეთი სახის ვიდეოები იშვიათად საჯაროვდება. მე ასე ვიტყვი, ამ სტატიის გაცნობისას ეს აუცილებლად სანახავი ვიდეოა.
აუცილებლად სანახავი ვიდეო გასახდელის ძალიან საინტერესო კადრებით
ფშემეკ კოსტიკი: „დიეგო არ არის ლიდერის ტიპის ფეხბურთელი მოედანს მიღმა, არ არის ხმაურიანი გასახდელში, ის „ხმაურიანია’’ მხოლოდ მინდორზე! მოკრძალებული, მშრომელი და ღიმილიანი ახალგაზრდა კაცია და მას აქვს პოტენციალი’’.
გოლის გატანის ალღო ის თვისებაა, რაც ცენტრფორვარდისთვის აუცილებელია. ამ თვისების ვარჯიშით გამომუშავება ძალიან რთულია. ამ საკითხზე მათ ვკითხე, კოსტიკსა და ოლეცკის.
ფშემეკ კოსტიკი: „გეთანხმები რომ საჭიროა გქონდეს რაღაც (გოლის ალღო) გოლების გასატანად როგორც ბუტრაგენიოს ან სულშერს. ვფიქრობ, დიეგოს ეს თვისება აქვს. ჩემს ვარჯიშებზე მინდოდა მისთვის ტექნიკური უნარები გამეუმჯობესებინა. დამაგვირგვინებელ ფაზაში მისი ხარისხი უფრო მეტად დიდებული რომ ყოფილიყო’’.
15-წლამდე, საქართველოდან წასვლამდე, გამთამაშებლად ან მარცხენა გარემარბად თამაშობდა. პოლონეთში თითქმის ყოველთვის 9 ნომერია, თუმცა ბარტოშ ოლეცკი თვლის, რომ დიეგო ჯერ ტიპური 9 ნომერი არაა.
ბარტოშ ოლეცკი: „ჩემთვის დიეგო არ არის ნამდვილი 9 ნომერი, რომელსაც გოლის ყნოსვა/ალღო აქვს, ის ჯერ ასეთი არაა. ინტელექტუალურ ფეხბურთელს კარგ მწვრთნელთან მუშაობით ამ თვისების გაუმჯობესება შეუძლია. ფიზიკურად ძლიერი, სწრაფი და კარგი ტექნიკის მქონეა. უფრო მეტად ისეთი მოთამაშეა, რომელიც შეტევას სიღრმიდან ქმნის ვიდრე ფორვარდი, რომელიც შეტევას აგვირგვინებს. მისი გაბარიტებიდან გამომდინარე ყოველ მწვრთნელსა და სკაუტს ის აზრი უჩნდება, რომ 9 ნომერია და მას 9 ნომერზე თამაშისკენ უბიძგებენ, მაგრამ მე ვიცი, რომ ის გაცილებით მრავალმხრივი მოთამაშეა. ის უფრო მეტად ზლატანს ჰგავს.
ერთხელ დიეგოს ვთხოვე დაეწერა როგორ მუშაობს, რადგან გლადიატორივით გამოიყურება. გვსურდა, რასაც დაწერდა, დარბაზში გამოგვეკრა, რომ ზოგადი მუშაობა უფრო ეფექტური გამხდარიყო. რამდენიმე დღის შემდეგ მან მომწერა ესე მთელი კვირის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ კლუბში კვირაში 5-ჯერ ვარჯიშობდა, ყოველ მეორე დღეს დილით დარბოდა, კვირაში ხუთჯერ დარბაზში მაგრად ვარჯიშობდა და დამატებით ორჯერ ფშემეკ კოსტიკთან ინდივიდუალურ ვარჯიშებზე დადიოდა. ბოლოს, მე არაფერი დავწერე, რადგან არ მგონია კლუბში ვინმეს ასე შეეძლოს მისი ვარჯიშის მენეჯმენტი’’.
ბარტოშ ოლეცკი, როგორც სკაუტი, მარცინ ბულკასთან, პიოტრ ჟელინსკისთან, ენეს იუნალთან მუშაობდა. მათი დიდ კლუბებში გადასვლის პროცესში მონაწილეობდა. კარგი კავშირები აქვს, რაც დიეგოსთან დაკავშირებით დაეხმარა. ვიდრე დიეგო „ტერმალიკასთან’’ პროფესიულ კონტრაქტს გააფორმებდა (2024 წლის მარტი), ოლეცკის დახმარებით სინჯებზე შემდეგ კლუბებში იყო: „ბევერენი’’, „ბრაგა’’, „ვაკერ ინსბრუკი’’, გრაცის „შტურმი’’, ვარშავის „ლეგია,’’ პლოცკის „ვისლა,’’ ლუბინის „ზაგლემბე,’’ „კრაკოვის ვისლა’’.
ბარტოშ ოლეცკი: „შესაძლოა, საქართველოში დიეგოს ბევრი არ იცნობს, მაგრამ ევროპაში იცნობენ ფეხბურთში ჩართული ადამიანები. ჩემი კავშირების წყალობით, რამდენიმე დიდ კლუბში სინჯებზე მივიყვანე. მინდოდა ენახა, როგორ მუშაობენ დიდი კლუბები და შეგვეფასებინა მისი რეალური ფასი. დიეგო არაევროკავშირელია და ის ფაქტი, რომ აღნიშნულმა გუნდებმა არ აიყვანეს, მეტწილად აქედან გამომდინარეობს. როცა სინჯებზე მიმყავდა, პირველი გუნდის ფეხბურთელად კი არ განიხილავდნენ, არამედ - დუბლებისა და ახალგაზრდული გუნდის. ამ ქვეყნებში მკაცრი რეგულაციებია, ეს დამაბრკოლებელი ფაქტორია, თუმცა ეს არ იყო ერთადერთი მიზეზი. ვფიქრობ ზოგიერთმა ვერ დაიჯერა, რომ ფეხბურთელი, რომელიც მე-6 ლიგიდან მომყავდა, ასე კარგად თამაშობდა. ალბათ ეჭვი გიჩნდება, როცა რაღაც ძალიან საინტერესო ვარიანტი არსაიდან მოდის. იწყებ ფიქრს, რომ ეს წინადადება ზედმეტად კარგია იმისთვის, რომ სიმართლე იყოს (ფეხბურთელი მე-6 ლიგიდან !) და ამის გამო სკეპტიკური განწყობა გაქვს. ასევე, დიეგოს არ ჰქონდა საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში თამაშის რაიმე სტატისტიკა და ალბათ ხალხი ფიქრობს, რომ მასთან დაკავშირებით რაღაც რიგზე ვერ იყო''.
ავტორის მოსაზრება
დიეგო ბევრ კლუბში არ აიყვანეს, რასაც რამდენიმე მიზეზი აქვს. შესაძლოა, ზოგჯერ მხარეები ფინანსებზე ვერ შეთანხმდნენ ან მე-6 ლიგიდან მოყვანილი ფეხბურთელის პერსპექტივაში დარწმუნება ბევრისთვის მართლაც ძნელი იყო, მაგრამ თუ გვსურს რომ ხვალ უფრო ძლიერი ეროვნული ნაკრები გვყავდეს, ევროკავშირში შესვლა ერთ-ერთი საკვანძო მომენტია, რადგან ქართველი ფეხბურთელები, ევროპულ ფეხბურთში არსებული ისედაც დიდი კონკურენციის გარდა, არასაფეხბურთო, ბიუროკრატიულ პრობლემებს აწყდებიან, რომელიმე გუნდში ამ მიზეზით ჩაშლილი ტრანსფერი და თუნდაც დაკარგული 1 წელი, ფეხბურთში ძალიან დიდი დროა, რამაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს ე.წ. Timing-ზე, სწორ დროს სწორ ხალხთან მოხვედრის მომენტზე. ცხადია, ეს არ ეხება კვარაცხელიას როგორც უკვე შემდგარ ვარსკვლავს ან მაგალითად სიგუას, რომელმაც „ბაზელში’’ ტრანსფერით დიდი კარიერული ნაბიჯი გადადგა, მაგრამ შესაძლოა შეეხოს სხვა ტალანტებს, რომლებსაც კრიზისში მყოფ ქართულ საკლუბო ფეხბურთში განვითარების შანსი არ აქვთ და უცხოეთში წასვლაზე ფიქრობენ, სადაც არაევროკავშირელებზე სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა სახის ლიმიტები ერთ-ერთ დაბრკოლებად ეღობებათ. რადგან დიეგოს კარიერიდან გამომდინარე, ეს პრობლემა ძალიან აშკარაა, ჩემი მოსაზრება რომ განვამტკიცო და ამ პრობლემის გადაჭრის აუცილებლობაში დაგარწმუნოთ, ჩემს მიერ 2022 წელს ნიკა კვეკვესკირთან, ხვიჩა კვარაცხელიასთან, გურამ კაშიასთან და ბუდუ ზივზივაძესთან ჩაწერილი ინტერვიუების ნაწყვეტებს გთავაზობთ. ქართველების რაოდენობამ ევროპაში მკვეთრად იმატა, ამ მხრივ პროგრესი აშკარაა, თუმცა იმისთვის, რომ ეროვნულ ნაკრებში კონკურენცია კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს, უფრო მეტი ძლიერი ლეგიონერია საჭირო, რომ ეროვნული ნაკრების წარმატებამ სტაბილური ხასიათი მიიღოს.
დიეგო: „სინჯებზე ბევრ კლუბში ვიყავი, მათ შორის „ბრაგაში’’ (2023 წლის დეკემბერი). მახსოვს რომ გავიქეცი, ყველა დარვინს მეძახდა, ნუნესს მადარებდნენ. ეს მეტსახელიც მქონდა, თუმცა „ბრაგადან’’ ორ კვირაში წამოვედი. ბიუროკრატიული პრობლემა საბოლოოდ რომ გადავჭრა, ვფიქრობ პოლონეთის მოქალაქეობის მიღება მჭირდება. ორმაგი მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში საქართველოს ნაკრებში ვითამაშებ და ამავდროულად პოლონეთში საბუთების პრობლემას საბოლოო მოვაგვარებ.
პროფესიულ კლუბში მოხვედრა დამაგვიანდა, ბევრს ვშრომობდი, ბევრს ვწვალობდი. თუ პოლონეთის რანგით მეორე ლიგაში ერთ კარგ სეზონს ჩავატარებ, სულ სხვა რეალობაში აღმოვჩნდები, სხვანაირად შემხედავენ’’.
ბარტოშ ოლეცკიმ ნიდერლანდელ აგენტს, ვესელ ვეიზებერხს, სააგენტო PRIME 11-ის აღმასრულებელ დირექტორს დააკავშირა. ახლა დიეგო ამ სააგენტოსთან თანამშრომლობს, კონტრაქტი 2-წლიანია.
დიეგო: „ვესელს ვესაუბრე და მითხრა, რომ საქართველოს ნაკრებში ჩემს შესახებ ინფორმაცია აქვთ. გასულ სეზონში მეტი სათამაშო დრო რომ მქონოდა და გოლები გამეტანა, ალბათ 21-წლამდე ნაკრებში გამომიძახებდნენ. მახსოვს, ერთხელ „პოლონია ვარშავას’’ 19-წლამდე გუნდში თამაშისას ამხანაგურში „ლოძისთან’’ 2 გოლი გავიტანე. თამაშს პოლონეთის 19-წლამდე ნაკრების სკაუტი ესწრებოდა. თამაშის შემდეგ მან ჩემს შესახებ იკითხა, გასახდელში მწვრთნელმა მითხრა: „შენით პოლონეთის ნაკრების სკაუტი დაინტერესდა, მაგრამ ვუთხარი რომ ქართველი ხარ’’. იცოდნენ რომ მხოლოდ საქართველოს ნაკრებზე ვფიქრობდი, იცოდნენ რაზეც ვოცნებობდი და მათ ამ ინტერესს გაგრძელება არ მოჰყოლია’’.
ოლეცკი: „ვილი სანიოლის სტაფში დიეგოს შესახებ ინფორმირებულნი არიან (სტაფის ერთ-ერთ წევრს ძალიან კარგად ვიცნობ). ასე რომ, ჩვენ ყველა ველოდებით როგორ და როდის განვითარდება დიეგო’’.
დიეგო: „ჩემი თამაშით არასდროს ვკმაყოფილდები, მაგრამ მწვრთნელები ჩემი ფიზიკური მომზადებითა და თამაშით კმაყოფილები არიან. მეუბნებიან რომ ტაქტიკურად ყოველ ვარჯიშზე უკეთ ვმოქმედებ, ამ მიმართულებით ვვითარდები და ახალ სეზონში (2023-24) მეტი სათამაშო დრო მექნება’’.
ცაცია, ძალიან სწრაფი და მაღალი ცენტრფორვარდი განვითარების ამ ეტაპზე უბურთოდ ყოფნისას პოზიციური მოქმედებების გაუმჯობესებაზე მუშაობს, ტაქტიკური ცოდნის გაღრმავებას ცდილობს. ამ ეტაპზე მისი მინუსი უბურთოდ გადაადგილებებისას იკვეთება.
დიეგო:„როცა ბურთს ვიღებ, პრობლემა აღარაა, თუმცა გაუმჯობესებაზე ყოველთვის უნდა ვიმუშაო’’.
დიეგოს მეგობარი, ფეხბურთელი მიხეილ სარალიძე CrystalSport-თან საუბარში აღნიშნავს: „ძალიან მშრომელია, ერთ ქალაქში ვცხოვრობდით და ერთ გუნდში ვთამაშობდით, ბევრჯერ დიეგოსთვის ღამე დამირეკავს და უთქვამს: „მიშო, ახლა ვერ დაგელაპარაკები, დავრბივარ, ვვარჯიშობ''. მშრომელია, თავის საქმე უყვარს, იცის და მაქსიმუმს აკეთებს. მე მინდა უფრო თავდაჯერებული იყოს. ვიცი მისი მონაცემები, ვიცი რა შეუძლია, პოლონეთში ბევრთან მითამაშია და შემიძლია ვთქვა, რომ დიეგო საუკეთესოა. პროფესიონალიზმით გამოირჩევა’’.
რა უნდა იყოს დიეგოს კარიერის ჭერი, კარიერის მაქსიმუმი? ეს კითხვა ბარტოშ ოლეცკის დავუსვი და ასეთი პასუხი მივიღე: „ახლა ამის შეფასება რთულია, რადგან იღბლის, შემთხვევითობის, ჯანმრთელობისა და სწორ დროს სწორ ადამიანებთან მოხვედრის (Timing) მომენტები არსებობს, მაგრამ მე უნდა ვთქვა, რომ ტოპ კლუბებისთვის 14-წლიანი მუშაობისას ბევრ ტალანტს შევხვედრილვარ, ზოგიერთმა ბრწყინვალე კარიერა შექმნა, ზოგიერთმა ვერა. რამდენიმე დიეგოზე ნიჭიერი იყო, მაგრამ არასდროს შევხვედრილვარ მოთამაშეს, ვინც დიეგოზე მეტად ფოკუსირებულია, ვინც დიეგოზე მეტად უძღვნის თავს ფეხბურთს. აქედან გამომდინარე, ძალიან მშვიდად და იმედიანად ვუყურებ მის მომავალს’’.
გიორგი ქარსელაძის, ირაკლი ეგოიანის, ჯამალ კაიშვილის, ლუკა და გიორგი ლობჟანიძებისა და გიორგი ნიკოლაიშვილის შემდეგ სტატია მორიგ ნიჭიერ ფეხბურთელზე, დიეგო დეისაძეზე დავწერე. ეს სტატია პირველწყაროა, რომელიც 19 წლის ტალანტის შესახებ მაქსიმალურად ამომწურავ და ვრცელ ინფორმაციას მოიცავს. მნიშვნელოვანია დააფიქსიროთ თქვენი გულწრფელი და კრიტიკული პოზიცია, გამოთქვათ თქვენი მოსაზრება სტატიის შესახებ, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი განვითარებისთვის.