„21 წუთში დაამტკიცა, რომ კონტეს გუნდის სახე იქნება“ | რას წერს Gazzetta კვარაზე
ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ ახალი სეზონისთვის ემზადება და „ეგნატიასთან“ ამხანაგური მატჩი გამართა, რომელიც 4:0 მოიგო. „კვარამ“ ალბანურ კლუბთან ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვა და ლამაზი გოლი გაიტანა, რომელიც ავტორიტეტულ იტალიურ გამოცემას, La Gazzetta dello Sport-ს უყურადღებოდ არ დაუტოვებია.
„ხვიჩას 21 წუთი დასჭირდა, რათა დაემტკიცებინა ის, რაც დიდი ხანია ყველასთვის აშკარაა. კვარაცხელია ანტონიო კონტეს ნაპოლის საკულტო სახე იქნება. კვარა ნეაპოლური რენესანსის მთავარი ფიგურა იქნება და სულერთია, ჯერ კიდევ ივლისი რომ დგას. ასეთი მარგალიტები ყოველთვის უნდა გამოვარჩიოთ (კვარას გოლს გულისხმობს).
მეტოქის ნახევარზე მოპოვებული ბურთი, ლობოტკასთან გათამაშებული კედელი და სლოვაკი ფეხბურთელის გადაცემა მეტოქის საჯარიმოში. მიღება მარჯვენა ფეხით და დარტყმა მარცხენით მანამ, სანამ ბურთი მინდორზე დაეშვება. ნამდვილი სილამაზე, რომელიც ტრიბუნებზე მყოფ 7 000-ზე მეტ გულშემატკივარსა და ახალ მთავარ მწვრთნელს ეძღვნება. ახალ მთავარ მწვრთნელს, რომელმაც კვარაცხელია საკუთარი პროექტის ბურჯად ისე აირჩია, მას ახლოდან არც კი იცნობდა და ახლა უნდა, მისი ფეხბურთით სრულად ისიამოვნოს“, - წერს იტალიური გამოცემა.
ცნობისთვის, „ნაპოლი“ მომდევნო ამხანაგურ მატჩს 31 ივლისს გამართავს და „ბრესტს“ დაუპირისპირდება, 3 აგვისტოს კი „ჟირონას“ შეხვდება. „პარტენოპეისთვის“ სეზონი 10 აგვისტოს იწყება და იტალიის თასზე „მოდენასთან“ თამაში ელის.