შეთავაზება საუდის არაბეთიდან - ბარსელონა გიუნდოგანის გასაყიდად მზად არის
ესპანური მედიის ინფორმაციით, ბარსელონა მზად არის ილქაი გიუნდოგანის გასაყიდად. თურქული ფესვების მქონე გერმანელს საუდის არაბეთში ეპატიჟებიან.
ამ საკითხზე Goal.Com-იც წერს და აღნიშნავს, რომ გიუნდოგანის გაყიდვა ნიკო უილიამსის და დანი ოლმოს ტრანსფერს უკავშირდება. ბარსელონას ორივე ფეხბურთელი 100 მილიონ ევროზე მეტი დაუჯდება და ამისთვის შესაბამისი ფინანსები უნდა მოიძიონ. ილქაის გაყიდვა კი იდეალური ვარიანტია.
წყაროს ცნობით, ბლაუგრანა რონალდ არაუხოს, ფრენკი დე იონგის და ანსუ ფატის გასხვისებასაც ცდილობს, მაგრამ ამ შემთხვევაში სიტუაცია საკმაოდ რთულია.
არაუხოს და დე იონგს ტრავმები აქვთ და უცნობია მათი დაბრუნების თარიღი. ასეთ პირობებში ისინი ტრანსფერზე ვერ დადგებიან. ანსუ ფატის კი მსურველი ჯერჯერობით არ ჰყავს.
Goal კიდევ ერთ წამსვლელზე წერს. ალ ჰილალს და ალ ნასრის რაფინიას გადაბირება სურთ და მის სანაცვლოდ 90 მილიონ ევროს იხდიან. ახლა ჯერი ჰანსი ფლიკზეა, რომელიც წინასასეზონო მოსამზადებელი პერიოდის შემდეგ, გადაწყვეტილებას მიიღებს.