საუდის არაბეთი და ინგლისი | ვალენსიამ მამარდას ტრანსფერზე შეთავაზება მიიღო
Relevo-ს დღევანდელ ნომერში, გიორგი მამარდაშვილის გარშემო შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით, ახალი ინფორმაცია გავრცელდა. ესპანური გაზეთი წერს, რომ საუდის არაბული კლუბები „მამარდათი“ სერიოზულად ინტერესდებიან და „ვალენსიასთან“ კონტაქტიც ჰქონდათ.
Relevo კონკრეტულ კლუბს არ ასახელებს, მაგრამ წერს, რომ საუდელები მზად არიან, „ღამურების“ მოთხოვნები დააკმაყოფილონ და „ჩეს“ ტრანსფერის სანაცვლოდ 30-35 მილიონი ევრო შესთავაზეს, ქართველ მეკარეს კი უზარმაზარ ხელფასს ჰპირდებიან. გიორგის საუდის არაბეთში გადასვლა არ უნდა და უკეთესი წინადადების მოლოდინშია.
მამარდაშვილისთვის პრიორიტეტი პრემიერ ლიგის ტოპ კლუბია და „ნისლიან ალბიონზე“ თამაში მისი ოცნებაა. გიორგის რამდენიმე ინგლისური ვარიანტი გამოუჩნდა, მაგრამ რეგულარულ სათამაშო დროსთან დაკავშირებული გარანტიები ვერ მიიღო, რაც გადაულახავი ბარიერი აღმოჩნდა.
Relevo-ს ინფორმაციით, თუ ქართველმა მეკარემ სასურველი შეთავაზება ვერ მიიღო, მზადაა, „ვალენსიაში“ დარჩეს და კარიერის „ღამურების“ რიგებში გაგრძელება მისთვის პრობლემას არ წარმოადგენს. „მამარდამ“ პრემიერ ლიგის საშუალო დონის კლუბები უარით გაისტუმრა, რადგან იმავე დონის გუნდში გადასვლას, ურჩევნია, „ვალენსიაში“ დარჩეს, სადაც გარანტირებული სათამაშო დრო და მთავარი მწვრთნელის ნდობა აქვს.