„კვარაშოუ“ | როგორ გამოეხმაურა Il Mattino კვარაცხელიას თამაშს
ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ ახალი სეზონისთვის ემზადება და „ეგნატიასთან“ გამართულ ამხანაგურ მატჩში 4:0 იმარჯვა. ანტონიო კონტეს ხელმძღვანელობით, „კვარამ“ პირველი თამაში ჩაატარა, ბრწყინვალე შთაბეჭდილება დატოვა და გოლი გაიტანა, რაც ნეაპოლურ გაზეთს, Il Mattino-ს უყურადღებოდ არ დაუტოვებია.
კვარაშოუ. ნაპოლიმ ეგნატია 4:0 დაამარცხა: ქართველი მთავარი გმირი იყო
„ეიფორია, მოლოდინი, სიყვარული. გუშინ საღამოს, კასტელ დი სანგროში გამართულ შეხვედრას 7 000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო, რათა ანტონიო კონტეს გუნდის თამაში ენახა. პარტენოპეი ალბანეთის ჩემპიონს, ეგნატიას დაუპირისპირდა და შეხვედრას თვალი კლუბის პრეზიდენტმა, აურელიო დე ლაურენტისმაც მიადევნა.
ხვიჩა კვარაცხელია ყველაზე კარგ ფორმაში იყო და მატჩის მიმდინარეობა შეცვალა. კვარა თავაწეული თამაშობდა, მეტოქეებს ბურთს უმალავდა, მათგან თავს ითავისუფლებდა და შეტევის დამაგვირგვინებლის როლიც მოირგო“, - წერს ნეაპოლური გამოცემა.
ცნობისთვის, „ნაპოლი“ მომდევნო ამხანაგურ მატჩს 31 ივლისს გამართავს და „ბრესტს“ დაუპირისპირდება, 3 აგვისტოს კი „ჟირონას“ შეხვდება. „პარტენოპეისთვის“ სეზონი 10 აგვისტოს იწყება და იტალიის თასზე „მოდენასთან“ თამაში ელის.