ტატოსთვის ინდივიდუალურად ვემზადები - კასე ოქროს უმიზნებს
ძიუდოს მოყვარულები როგორც ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატზე, ასევე ოლიმპიურ თამაშებზე 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში ერთ ბრძოლას განსაკუთრებული ინტერესით ელოდებიან - ეს ქართველი ტატო გრიგალაშვილისა და ბელგიელი მატიას კასეს დაპირისპირებაა, რომელიც წლებია გრძელდება, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ გრიგალაშვილი უკანასკნელ პერიოდში მეტოქეს აშკარად სჯობნის, რადგან მსოფლიოს ჩემპიონი ზედიზედ სამჯერ გახდა.
ბუნებრივია, ზეგ, 30 ივლისსაც ძალიან დიდი ალბათობით ოქროს მედალს სწორედ ეს ორი ლეგენდარული ძიუდოისტი გაითამაშებს და კასეს მიმართ ბელგიურ პრესაში უდიდესი ინტერესია. სტატიაში წერია, რომ მას შემდეგ რაც ბელგიელმა ველომრბოლელმა რემკო ევენეპულიმ ოლიმპიური ჩემპიონობა მოიპოვა, მის სამშობლოში ძიუდოისტზე იმხელა წნეხი აღარ არის, რასაც ტატოს მეტოქეც აღნიშნავს.
რას ამბობს კასე
თითოეული ბრძოლის წინ, თითოეულ მეტოქესთან საჭიდაოდ განსაკუთრებულად ვემზადები. ყველას თავის ხელწერა აქვს და მეც ვცდილობ მათ სათანადო გასაღები მოვუძებნო. ასევეა ჩემი მთავარი მოწინააღმდეგის, ტატო გრიგალაშვილის შემთხვევაში, რომელთანაც მართლაც სერიოზული ბრძოლების გამართვა მიწევს.
რემკოს წარმატებამ ძალიან გამახარა და მიყვარს ეს სპორტის სახეობა, რადგან ველოსიპედით თავადაც ხშირად დავდივარ ხოლმე. მინდოდა ძიუდოში ჩემს თანამემამულე იორე ვესტრატენს გაემარჯვა, მაგრამ სამწუხაროდ ის მეორე წრეში დამარცხდა.
რისთვის ვარ ჩამოსული პარიზში? ოქროსთვის რაღა თქმა უნდა. სპორტსმენის კარიერა ხანმოკლეა, სულ რაღაც ორ, ან სამ ოლიმპიადაზე შეიძლება მოგვიწიოს ასპარეზობა და ამ სიამოვნებაზე უარს ნამდვილად ვერ ვიტყვი.
წინა ოლიმპიურ თამაშებზე, რომელსაც იაპონიის დედაქალაქმა ტოკიომ უმასპინძლა, კასე ბრინჯაოს პრიზიორი გახდა, ხოლო ტატო გრიგალაშვილი მედლის გარეშე დარჩა.