ხვიჩა დაბრუნდა და გაიტანა - ნაპოლიმ მორიგი ამხანაგური მოიგო
„ნაპოლიმ“ 2024/25 წლების სეზონის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში მომდევნო შეხვედრა ალბანური „ეგნატიას“ წინააღმდეგ გამართა და მეტოქე უშანსოდ, 4:0 დაამარცხა.
ნეაპოლურ გუნდში დაბრუნების შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიამ „პარტენოპეის“ შემადგენლობაში პირველად ითამაშა და თავი პირველივე შეხვედრაში გამოიჩინა. „ნაპოლი“ 21-ე წუთზე სწორედ ქართველმა შემტევმა დააწინაურა, რომელმაც სტანისლავ ლობოტკასთან გათამაშებული კომბინაცია გოლით დაასრულა.
29-ე წუთზე მატეო პოლიტანომ სხვაობა ორბურთამდე გაზარდა და ანტონიო კონტეს გუნდმა ტაიმი 2:0 მოიგო.
იტალიელმა სპეციალისტმა ხვიჩა კვარაცხელია მეორე ტაიმის დაწყებისთანავე, შესვენებაზე შეცვალა, დარჩენილ დროში კი „ნაპოლიმ“ კიდევ ორი გოლის გატანა შეძლო. 52-ე წუთზე ჯოვანი სიმეონემ „ეგნატიას“ კარში მესამე გოლი გაიტანა, საბოლოო ანგარიში კი 69-ე წუთზე ნგონგემ დააფიქსირა.
პრესეზონზე „ნაპოლისთვის“ ეს მესამე შეხვედრა იყო. მანამდე, ჯერ 16 ივლისს ანტონიო კონტეს გუნდმა „ანაუნეს“ 4:0 მოუგო, 20 ივლისს კი „მანტოვას“ 3:0 აჯობა. „პარტენოპეი“ მომდევნო ამხანაგურ შეხვედრას 31 ივლისს, ფრანგული „ბრესტის“ წინააღმდეგ გამართავს, მოსამზადებელ ეტაპს კი 3 აგვისტოს, „ჟირონასთან“ მატჩით დაასრულებს.