გიორგი ყუშიტაშვილი
Aa
Aa

მარცხი ღირსეული ბრძოლის ფონზე - ყუშიტაშვილი მედლის გარეშე დარჩა

პარიზის ზაფხულის ოლიმპიადის კრივის ტურნირში დღეს ერთი ქართველი სპორტსმენი ჩაერთო და სამწუხაროდ გამოსვლა პირველივე ეტაპზე დაასრულა. გიორგი ყუშიტაშვილის (92 კგ) მეტოქე წონის მეორე ნომრად განთესილი ტაჯიკი დავლატ ბოლტაევი გახლდათ და უნდა აღინიშნოს, რომ მარცხის მიუხედავად, გიორგიმ უმაღლეს დონეზე იასპარეზა და დაძაბულ ბრძოლაში, 2:3 წააგო.

პირველ რაუნდში უკეთესი მეტოქე იყო და ყველა მსაჯმა უპირატესობა მას მიანიჭა. ყუშიტაშვილმა სიტუაცია მეორე რაუნდში გამოასწორა და ბოლტაევს რამდენიმე მძიმე დარტყმა მიაყენა, რაც სათანადოდ დაუფასდა და არბიტრებისგან კარგი შეფასებებიც მიიღო. გადამწყვეტი კი მესამე რაუნდი აღმოჩნდა, რომელიც საკმაოდ თანაბარ ბრძოლაში წარიმართა და ხუთიდან სამმა მსაჯმა უპირატესობა ბოლტაევს, ორმა კი ყუშიტაშვილს მიანიჭა.

ხვალ ოლიმპიურ თამაშებზე მეორე ქართველი მოკრივე ჩაერთვება - ლაშა გურულის (63,5 კგ) მეტოქე მერვედფინალში აზერბაიჯანელი მალიკ ჰასანოვი იქნება და თუ წარმატებას მიაღწევს, ლაშა მეოთხედფინალში სავარაუდოდ ოლიმპიური რეიტინგის მეორე ნომერს, ტაივანელ ლაი სეს დაუპირისპირდება, რომლის ძლევის შემთხვევაშიც მინიმუმ ბრინჯაოს მედალს გაინაღდებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები