თბილისის დინამო, იბერია 1999
Aa
Aa

მოქმედი ჩემპიონი თასს გამოეთიშა - დინამო თბილისი მეოთხედფინალშია

საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის გათამაშების მერვედფინალური ეტაპის ცენტრალურ შეხვედრას დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე უმასპინძლა, სადაც ტურნირის მოქმედმა ჩემპიონმა „იბერიამ“ თბილისის „დინამოსთან“ 1:2 წააგო და შეჯიბრებას გამოეთიშა. ბუნებრივია, მატჩს ორივე გუნდისთვის პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა, თუმცა ლევან კორღალიძის ფეხბურთელები ძალების დაზოგვაზე უფრო მეტად ფიქრობდნენ, რადგან რამდენიმე დღეში ალბანეთის „პარტიზანთან“ სტუმრად უეფას კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო შეხვედრა აქვთ სათამაშო, რომლის პირველი რაუნდიც თბილისში 2:0 მოიგეს.

პირველი ტაიმის დასაწყისში „დინამოელებმა“ მეტოქეს აშკარად აჯობეს და 7-წუთიან მონაკვეთში ორბურთიანი სხვაობით დაწინაურდნენ. ჯერ მუხრან ბაგრატიონის ჩაწოდების შემდეგ ნიკო ცეცხლაძემ თავური დარტყმით გახსნა ანგარიში, ხოლო შემდეგ საბა ხვადაგიანის შორეულ გასროლას გიორგი მაკარიძის აშკარა შეცდომა მოჰყვა და ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა სერიოზული უპირატესობა მიიღო. ერთადერთი, რისი გაკეთებაც „იბერიამ“ მოახერხა, საბა მამაცაშვილის გოლია, რომელიც დასარტყმელ პოზიციაზე ნიკოლოზ დადიანმა დატოვა.

როგორც უკვე მოგახსენეთ, „იბერიელებს“ წინ კონფერენს ლიგის საპასუხო მატჩი ელით, რომელიც 1 აგვისტოს, თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება. რაც შეეხება „დინამო თბილისს“, ქვეყნის 19-გზის ჩემპიონი Crystalbet ეროვნული ლიგის მეორე წრეს 3 აგვისტოს, წყალტუბოს „სამგურალთან“ საშინაო შეხვედრით განაახლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები