ლებრონის და დურანტის ლიდერობით | აშშ-მა სერბეთს 26 ქულით მოუგო
პარიზის ოლიმპიადაზე დღეიდან საქმეში ჩაერთო აშშ-ის საკალათბურთო ნაკრები. „დრიმ თიმი“ პირველ მატჩში სერბეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდა და დამაჯერებლად, 110:84 დაამარცხა.
აშშ-ის ვარსკვლავურმა გუნდმა ფავორიტის სტატუსი გაამართლა და მეტოქეს შანსი არ დაუტოვა და 26 ქულის სხვაობით გაიმარჯვა. სტივ კერის გაწვრთნილმა გუნდმა პირველ პერიოდი 25:20 მოიგო, მეორე პერიოდში 33:29 გაიმარჯვა, გარდამტეხი კი მესამე პერიოდი გამოდგა, რომელშიც აშშ-მა 26:16 გაიმარჯვა, დასკვნითი მეოთხედში კი მეტოქე 26:19 დაამარცხა.
ქულების რაოდენობით საუკეთესო შედეგი კევინ დურანტმა აჩვენა, რომელმაც პარკეტზე სულ რაღაც 12 წუთი გაატარა და ამ დროის განმავლობაში 23 ქულასა და ორ მოხსნას მოუყარა თავი. საერთო ჯამში კი საუკეთესო მოთამაშე ლებრონ ჯეიმსი გახდა, რომელმაც 19 წუთში 21 ქულა, 7 მოხსნა, 9 ასისტი და 1 ჩაჭრა დააფიქსირა. სერბეთს როგორც მოსალოდნელი იყო, ნიკოლა იოკიჩმა ულიდერა, რომელმაც პარკეტზე 30 წუთი გაატარა და თავი 20 ქულით, 5 მოხსნითა და 8 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.
აშშ-ის ნაკრები ოლიმპიურ თამაშებზე მომდევნო შეხვედრას 31 ივლისს, სამხრეთ სუდანის წინააღმდეგ გამართავს, სერბეთი კი ამავე დღეს პუერტო რიკოს დაუპირისპირდება.