რაფამაც მოიგო | პარიზში ნადალი-ჯოკოვიჩის დუელს ვიხილავთ
პარიზში მიმდინარე ოლიმპიურ თამაშებზე, ჩოგბურთელთა შორის ერთეულთა ჩათვლაში თავისი პირველი მატჩი მოიგო ლეგენდარულმა ესპანელმა ჩოგბურთელმა, რაფაელ ნადალმა.
38 წლის რაფა პირველ წრეში მსოფლიო რეიტინგის 83-ე ნომერს, უნგრელ მარტინ ფუჩოვიჩს დაუპირისპირდა და 2 საათიან და 32 წუთიან მატჩში სამ სეტში - 6:1, 4:6, 6:4 დაამარცხა.
ესპანელმა ჩოგბურთელმა პირველი სეტი დამაჯერებლად მოიგო და მეტოქეს შანსი არ დაუტოვა. მეორე სეტში უნგრელმა ჩოგბურთელმა რაფას დიდი წინააღმდეგობა გაუწია და სეტი თავისკენ წაიღო, თუმცა, დასკვნით ნაწილში ნადალი კვლავ დამაჯერებელი იყო და ჩოგბურთის გულშემატკივარს სუპერდუელის ხილვის შესაძლებლობა მისცა.
შეგახსენებთ, რომ პარიზის ოლიმპიადის 1/16 ფინალში რაფაელ ნადალის მეტოქე მსოფლიო ჩოგბურთის კიდევ ერთი ლეგენდა, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი იქნება. მატჩი წინასწარი ინფორმაციით, 29 ივლისს, საქართველოს დროით 14:00 საათიდან უნდა გაიმართოს.
ცნობისთვის, რაფაელ ნადალი ATP-ის რეიტინგში 161-ე პოზიციაზე იმყოფება, ნოვაკ ჯოკოვიჩი კი მე-2 ადგილს იკავებს.