კოული: „მოურინიო მსოფლიოში ყველაზე ცუდი ადამიანია“
მისი სამწვრთნელო კარიერის საწყის ეტაპზე ჟოზე მოურინიოს შესახებ ცუდს იმ ფეხბურთელებიდან, რომლებიც მისი ხელმძღვანელობით თამაშობდნენ, პრაქტიკულად არავინ ამბობდა. ფრენკ ლამპარდიდან დაწყებული ჯონ ტერით დამთავრებული ყველა ხაზს უსვამდა იმ ფაქტს, რომ პორტუგალიელი სპეციალისტი თითოეულ მოთამაშეს ინდივიდუალურად უდგებოდა და მათგან მაქსიმუმს იღებდა. თუმცა, ახლა ირკვევა, რომ როგორც ჩანს, იყვნენ ისეთები, რომლებიც მოურინიოს არამხოლოდ ვერ ეგუებოდნენ, არამედ მას დასანახად ვერ იტანდნენ. ასეთთა კატეგორიას მიეკუთვნება „ჩელსი“ ყოფილი ფორვარდი კარლტონ კოული, რომელმაც ცნობილი მწვრთნელი საჯაროდ გალანძღა.
რას ამბობს კოული
„ჩელსიში“ ასპარეზობა ჩემი კარიერის ყველაზე დიდი მიღწევა გახლდათ, რადგან საოცრად სასიამოვნოა, როდესაც ყოველ შაბათს ან კვირას, 40 ათასი ადამიანი შენს სახელს სკანდირებს და თითოეულმა შენს შესახებ ყველაფერი იცის.
თუმცა, 2005-2006 წლების სეზონი ახლაც კოშმარულად მახსენდება. მოურინიოს ხელმძღვანელობით ინგლისის პრემიერ ლიგა მოვიგეთ და ტიტული გათამაშების დასრულებამდე სამი ტურით ადრე გავინაღდეთ. იმისათვის, რომ ჩემპიონისთვის განკუთვნილი მედალი მეც ამეღო, ბოლო სამ ტურში დარჩენილ არაფრისმომცემ მატჩებიდან ერთი წუთი მაინც უნდა მეთამაშა, თუმცა მოურინიომ პირდაპირ განმიცხადა, რომ არ მათამაშებდა, რადგან მე მედალს არ ვიმსახურებდი. ის მსოფლიოში ყველაზე ცუდი ადამიანია, რომელიც კი ოდესმე მინახავს.
კარლტონ კოული „ჩელსიში“ 2001-2006 წლებში თამაშობდა და 31 შეხვედრაში 8 გოლის გატანა შეძლო. „არისტოკრატებიდან“ წასვლის შემდეგ კი, ის სხვადასხვა დროს „ვულვზის“, „ჩარლტონის“, „ასტონ ვილას“, „ვესტ ჰემის“, „სელტიკის“, „საკრამრენტოსა“ და „პერსიბ ბანდუნგის“ ღირსებას იცავდა.